მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არარეზიდენტები საკმაოდ მაღალ კონკურენციას უწევენ ადგილობრივ ავტოდილერებს - ალექსი ნონიაძე

ავტომობილები

"საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ სექტორისთვის გამოწვევა უცხოელი შუამავლებისგან მომდინარე კონკურენციაა.

როგორც მან BMG-ის განუცხადა, ძირითადად ყირგიზეთის და ყაზახეთის მოქალაქეები დემპინგური ფასებით უწევენ კონკურენციას ადგილობრივ დილერებს. ალექსი ნონიაძის თქმით, სწორედ ამ გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ დღეს, ფინანსთა სამინისტროში.

"პრობლემა აქვთ დილერებს, არარეზიდენტი პირები საკმაოდ მაღალ კონკურენციას უწევენ ადგილობრივ დილერებს, სარგებლობენ დემპინგური ფასებით და ცდილობენ თვითღირებულებაში გაიტანონ ავტომობილები, რომლებიც ქართველ დილერებს გააჩნიათ. ასევე, უკვე დამოუკიდებლად შემოჰყავთ ავტომობილები საქართველოში, აქვთ თავისი ტექნიკური მომსახურების ცენტრები და უკვე ბაზრობაც გაიხსნა რუსთავის შესასვლელში. ანუ არ არსებობს ავტოიმპორტის რეექსპორტის ჯაჭვში ისეთი რგოლი, სადაც კონკურენციას არ უწევენ ადგილობრივ ავტოიმპორტიორებს უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ძირითადად ესენი ცენტრალური აზიის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მოქალაქეები არიან. ამ გამოწვევების წინაშე ვდგავართ და გვინდა, რომ ერთობლივი გადაჭრის გზები გამოვნახოთ სამინისტროსთან ერთად, ავტოიმპორტიორების ინტერესების დასაცავად", - განაცხადა ნონიაძემ სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდე.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ სიტუაციას, მისი განმარტებით იმპორტის კლებას წინა წლებიდან გადმოყოლილი მარაგები და იმპორტიორების ნეგატიური მოლოდინები განაპირობებს.

"2023 წელს 60 000 ავტომობილით მეტი შემოვიდა, პროფიციტული ბაზარი გვქონდა. 2024 წელს ბაზარმა ეს ჭარბი რაოდენობა ვერ გაიწოვა და ნაშთის სახით დარჩენილია წელსაც. ამიტომ, ეს მოქმედებს გაყიდვების რაოდენობაზეც, იმპორტის შემცირებაზეც და სამწუხაროდ, არც ისე დამაიმედებელი სიტუაცია არაა იმ მხრივ, რომ რეექსპორტის მაჩვენებლებიც არაა მნიშვნელოვნად გაზრდილი წინა წლის მონაცემებთან შედარებით. ეს მოქმედებს ფასებზეც, დღეს დილერები ფაქტობრივად თვითღირებულებაში ყიდიან, კიდევ რომ დააკლონ ფასი უკვე ზარალზე მიდიან", - ამბობს "საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, 2025 წლის იანვარში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 23%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 16%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები