საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე დარწმუნებულია, რომ სანქციები არ იქნება. ამის შესახებ მან BMG-ის განუცხადა. მისივე თქმით, ამერიკაში, საფრანგეთში, იაპონიაში და ბევრ სხვა ქვეყანაშია ნამყოფი და მათი ცხოვრება ძალიან მოსწონს.
„ხომ იცი მე რა პროფესიის ვარ [ჟურნალისტს]? ჩემს საქმეში მთავარი არის ნდობა, ის [პაციენტი] რომ არ მენდობოდეს, არ ჩამაბარებდა თავის ჯანმრთელობას. არასამთავრობო სექტორის მიმართ უდიდესი პატივისცემით ვარ განწყობილი. მაგათ ვადარებ წამალს. ისინი წამალი არიან. როცა იქმნებოდა თეორია - არასამთავრობო სექტორის, ეს ნიშნავდა, რომ ვინმეს რამე არ გაეპაროს და ა.შ. მაგრამ არ არსებობს წამალი, რომელიც არ არის რეგისტრირებული ფარმაკოლოგიაში. წერია წამლის ფორმულა, გვერდითი მოქმედება, გართულება და უკუჩვენება“, - განაცხადა ლადო კახაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ მას სანქცია დაუწესეს, რას იზამს, ლადო კახაძემ უპასუხა, რომ მისთვის არ არის მნიშვნელოვანი.
„ნამყოფი ვარ ამერიკაში. მე ძალიან მიყვარს თავისუფალი აზროვნება. მაგრამ ვარ კონსერვატორი. მე გამაოცა ასევე იაპონელების დამოკიდებულებამ საქმის მიმართ. მომწონს ფრანგების ცხოვრება. რუსეთშიც ნამყოფი ვარ, რუსებზე მაქვს ჩემი დამოკიდებულება, რომელსაც ვერ შევიცვლი. მე სოხუმში მაქვს სახლი. იმის გამო, რომ რუსულ შოვინიზმს ვერ ვიტან, როცა დისერტაცია დავიცავი და მითხრეს, საბჭოთა ავტორები რატომ არ გიწერიაო, პროტესტის ნიშნად ავდექი და გამოვედი.
რუსეთის მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. რუსეთი ოკუპანტზე უარესია, მტერია დაუძინებელი. ის მარტო ჩვენი მტერი არ არის. მე რუსეთს არასოდეს ვაპატიებ იმას, რაც ჩემს თაობას გადახდა. 9 აპრილს არ ვაპატიებ. სალომე ზურაბიშვილს როცა ვუჭერდი მხარს, თვალწინ მედგა ბებიაჩემი და ბაბუაჩემი, ის თაობა, ბოლშევიკებმა რომ დახვრიტეს. მისი [სალომე ზურაბიშვილის] წინაპრები წავიდნენ, ჩემები არ გაიქცნენ, აქ დახოცეს. თუ ჩახედავთ ისტორიას მიხვდებით, რომ ფაშიზმთან კოლაბორაციაში იყვნენ. თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით, იდეას ვუჭერდი მხარს. კომუნისტების 70 წლის ამოგდება მინდოდა. მე ნიკო ნიკოლაძეს დიდ პატივს ვცემ, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა თვითონ გვაქცია ზურგი“, - განაცხადა დეპუტატმა.