მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არასდროს უცხო ძალის გავლენის ქვეშ არ ვყოფილვართ" - რატომ არ დარეგისტრირდა "ელკანა" რუსული კანონის რეესტრში?

მარიამ ჯორჯაძ

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი მარიამ ჯორჯაძე BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განმარტავს, რატომ არ დარეგისტრირდა ასოციაცია "უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის" კანონით მოთხოვნილ რეესტრში.

ჯორჯაძე აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია "რუსული კანონის" რეესტრში რეგისტრირებას განიხილავდა, რათა საქმიანობა შეუფერხებლად გაეგრძელებინათ, თუმცა, საბოლოოდ, ასოციაციის თითოეულმა წევრმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში არ დარეგისტრირებულიყო.

"ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამბობდა, რომ უნდა დარეგისტრირებულიყო, რადგან სხვა გამოსავალი არ გვქონდა. ჩვენ ორი მეურნეობა გვაქვს, ერთ-ერთი მათგანში ხორბლის ენდემური და სხვადასხვა მარცვლეული კულტურის აბორიგენულ ჯიშებს ვამრავლებთ და, სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრ ჯიშს აღარ ემუქრება გადაშენების საფრთხე. ყველა ჯერზე ჩვენი ეს წამოწყება იყო ისეთ კრიტიკულ მომენტებში, როდესაც ამ ჯიშებს გაქრობა ეწერათ.

რაც უფრო ახლოვდებოდა რეგისტრაციის ბოლო ვადა, მით უფრო ვბრაზდებოდი. როგორ უნდა მომიბრუნდეს ხელი და დავწერო, რომ უცხო ქვეყნის გავლენის გამტარებელი ვარ? არასდროს უცხო გავლენის ქვეშ არ ვყოფილვართ და პირიქით, ყოველთვის გვეამაყებოდა ეს. ჩავატარეთ გამგეობის სხდომა, სადაც ყველა წევრმა დაგვიჭირა მხარი, რაც ძალიან დიდი სტიმული იყო", - ამბობს "ელკანას" დირექტორი.

მარიამ ჯორჯაძე BMG-სთან დონორების დამოკიდებულებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თითოეული მათგანი ასოციაციის გადაწყვეტილებას უჭერს მხარს.

"ყველა დონორი გვიჭერს მხარს იმაში, რასაც გადავწყვეტთ, თუმცა ყველა ამბობს, რომ ჯარიმას, რა თქმა უნდა, არ გადაგვიხდიან. რაზეც ისედაც ვერავის შევაწუხებთ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ორგანიზაციის პრობლემაა, რომ ასეთ მდგომარეობაში ვართ.

ბევრი ორგანიზაციაა, რომლებსაც საკუთარი ფინანსები საერთოდ არ გააჩნიათ, ჩვენ ვაკოწიწებთ რაღაცას მეურნეობებიდან, თუმცა ამ თანხას ისევ ჩვენს საქმიანობაში ვდებთ უკან, რისი კეთებაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ძალიან რთულია, შეველიოთ დონორებს და საქმეს მოვაკლოთ ფინანსები", - აღნიშნავს ჯორჯაძე.

"ელკანას" დირექტორი ასევე განმარტავს, რომ სამომავლო პროექტების დაფინანსების პერსპექტივები ბუნდოვანია, რადგან ზოგიერთი დასავლელი დონორი ორგანიზაციების დაფინანსებისთვის მათ ადგილობრივ კანონთან შესაბამისობას ითხოვენ.

ცნობისთვის, "რუსული კანონის" რეესტრში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების რეგისტრაცია 2 სექტემბერს დასრულდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში 476 ორგანიზაცია დარეგისტრირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები