"წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია" 19 კომპანიის მიერ ასოციაციის დატოვების გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია და აჟიოტაჟის გამოწვევას ემსახურება.
ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დეტალურ განმარტებას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებენ, მანამდე კი, ხალხს ასოციაციის რეპუტაციის დაზიანებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
BM.GE ასოციაციის განცხადებას სრულად გთავაზობთ.
"დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიდან წევრთა ნაწილის გასვლის თაობაზე. მალე გამოვაქვეყნებთ დეტალურ განმარტებას ამ საკითხზე. მანამდე კი ვიტყვით, რომ, სამწუხაროდ, გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს ფაქტობრივ სიცრუეს, არის მანიპულაციური და ემსახურება არაჯანსაღი აჟიოტაჟის შექმნას.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ: ჩვენი ასოციაცია ბიზნესსუბიექტების პროფესიული გაერთიანებაა, რომელიც ყოველთვის აფიქსირებდა მოსაზრებებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში. სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია ასოციაციის გამოყენება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, მით უფრო, რომ ასოციაცია აერთიანებს განსხვავებული შეხედულებებისა და პოზიციების მქონე ორგანიზაციებს. რა თქმა უნდა, ასოციაციის თითოეულ წევრს შეუძლია ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ასოციაციის რეპუტაციის დაზიანების განზრახვისგან", - ნათქვამია "წიგნის გამავრცელებელთა ასოციაციის" განცხადებაში.
საქმე ისაა, რომ 19-მა გამომცემელმა დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლის თანახმადაც, ასოციაციის "რუსული კანონის" რეესტრში დარეგისტრირების გამო, თითოეული მათგანი გაერთიანებას ტოვებდა. გამომცემლების თქმით, ასოციაციის გამგეობამ წევრებთან შეუთანხმებლად მიიღო.