პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “რუსულ კანონში” ცვლილება, რომელიც ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ნაწილში ფიზიკური პირების დავალდებულებასაც ეხება, მეორე მოსმენის დროს მიიღეს. მისივე თქმით, ცალკეულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, საჭიროა ინფორმაციის მოპოვება და ყველა ვალდებულია ის სათანადო ორგანოს მიაწოდოს.
“მეორე მოსმენით იყო ამაზე საუბარი პლენარული სხდომის დროს. ტყუილია, რომ ეს ფიზიკური პირების რეგისტრაციაზეა. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ მკაცრი ამერიკული მიდგომა არ გვინდა გადმოვიღოთ. ჩვენ რბილი მიდგომა გვაქვს და ფიზიკური პირები არ ექვემდებარებიან რეგისტრაციას.
ეს [ახალი ჩანაწერი] კი გულისხმობს იმას, რომ მაშინ, როდესაც არის საჭირო ინფორმაციის მოპოვება/მოკვლევა ამა თუ იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, პირებს, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს, ვალდებულება აქვთ მიაწოდონ ინფორმაცია. რეგისტრაცია კი არ ეხება ფიზიკურ პირებს”, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ეს ტექნიკური საკითხია, ვინაიდან "როდესაც ინფორმაციის მოპოვებაა საჭირო, ის ხან იურიდიულ პირთანაა, ხან კიდევ ფიზიკურ პირთან, ესაა და ეს. ეს არ ეხება რეგისტრაციას".
მისივე თქმით, მეორე მოსმენა ორი კვირის წინ იყო და ამ ჩანაწერის ახლა აღმოჩენა “ცალკე ისტორიაა”.
“ხედავთ, რატომ ყოფილა კარგი, რომ იკითხონ კანონპროექტი და უსმინონ და დაესწრონ მოსმენებს. ოპოზიცია, მედიის ნაწილი და NGO-ები მაგიდაზე ბრახუნით იყვნენ დაკავებული და ყვირილით ცდილობდნენ ჩაეხშოთ დისკუსია.. რომ მოესმინათ, ნახავდნენ, როგორ განიხილებოდა ეს პროექტი”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქმე ისაა, რომ რუსული კანონის მესამე რედაქციის მიხედვით, რომელსაც ქართული ოცნების 84-მა დეპუტატმა მხარი უკვე დაუჭირა, იუსტიციის სამინისტროს იურიდიულ პირებთან ერთად ფიზიკური პირების დაჯარიმებაც შეეძლება. კანონის აღნიშნული რედაქციით ამოქმედების შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს კონკრეტული ორგანიზაციის შესახებ მონიტორინგის ფარგლებში შეეძლება ინფორმაცია გამოითხოვოს მათ შორის ფიზიკური პირებისგანაც, ხოლო ამ ინფორმაციის 10 სამუშაო დღის წარუდგენლობის შემთხვევაში, მას ფიზიკური პირების დაჯარიმება შეეძლება.