პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ მთავრობა ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს, ევროპისკენ გზა ღია იქნება, მიუხედავად ევროკავშირის ოფიციალური პირების მოწოდებებისა, რომ "რუსული კანონის" მიღება, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას შეიძლება ნიშნავდეს. ამის შესახებ პაპუაშვილმა მედიას პლენარული სხდომის დაწყებამდე განუცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ევროპელი დეპუტატების წინააღმდეგ აქამდეც წასულა, თუმცა კანდიდატის სტატუსი საქართველომ მაინც მოიპოვა.
“ჩვენ გვეუბნებოდნენ, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორიც, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არ გავუშვებდით საზღვარგარეთ, დაიკეტებოდა გზა ევროკავშირში, ამას გვეუბნებოდნენ პარლამენტარები საჯაროდაც, ზოგი გახსნილად, ზოგი დახურულ კარს მიღმა.
ასევე გვეუბნებოდნენ, და ზოგიერთი დღესაც გვეუბნება, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები დაუწესოს, რაზეც ყველა, რადიკალური ოპოზიციაც კი, შეთანხმდა, რომ სანქციების დაწესება საქართველოს ინტერესების ღალატს ნიშნავს, უფრო ზუსტად კი, სამხედრო დაპირისპირების რისკს და ეკონომიკურ კოლაფსს. ამიტომ, ზოგიერთი გვეუბნებოდა, რომ ეს იქნებოდა წინაპირობა ევროკავშირისკენ წინსვლისთვის - სანქციების დაწესება - ჩვენ არ დავაწესეთ და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, ევროკავშირის კარი მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიკეტება საქართველოსთვის.
“ჩვენ “ამბობენზე” არ უნდა ავეწყოთ. თუ ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ხალხის, რომლებიც ევროპელი ხალხია, ინტერესებით, მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ იქნება ღია. და თუ ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვიმოქმედებთ, მაშინ ევროპის გზაც დაიკეტება და კაცმა არ იცის, რა ბედი ეწევა ამ ქვეყანას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "რუსულ კანონს" მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა, როგორი იქნება პროცედურები კანონპროექტის განხილვისას, დღევანდელი ბიუროს სხდომის შემდეგ გაირკვევა.
ევროკომისია საქართველოს ე.წ. რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს