ამერიკული, ჰოლდინგური კომპანია IG International-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე უერთდება იმ ბიზნესმენების ნაწილს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო არასოდეს ყოფილა ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ასე ეხმაურება საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი პარლამენტში განხილვაში არსებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და აქედან გამომდინარე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან სტაბილური კომუნიკაცია კომპანიების მაქსიმალური განვითარების შესაძლებლობას იძლევა და სჯერა, რომ ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია.
„მე, როგორც ერთ–ერთი მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის დამფუძნებელი, მსურს დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენი კომპანიის საქმიანობა ბევრ წელს ითვლის. ბიზნესი ვითარდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური მმართველობის დროს. ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ის გამოწვევები და სირთულეები, რომელთა წინაშეც არაერთხელ აღმოვჩნდით. ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად იზრდება, არასოდეს არ ყოფილა ბიზნესგარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ეფექტური კომუნიკაცია, სტაბილური გარემო გვაძლევს განვითარების მაქსიმალურ შესაძლებლობას.
დღეს ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია. ღრმად მწამს და მჯერა, რომ მალე საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი“, - წერს მინდია საბანაძე Facebook-ის პირად გვერდზე.
IG International როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს და ათასობით ადამიანს ასაქმებს. ჰოლდინგური კომპანიის პორტფელი საქართველოში საკმაოდ დივერსიფიცირებულია უძრავი ქონების კომპანიებთან ერთად განათლების, ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებს აერთიანებს.
"ქართული ოცნება" საქართველოში "რუსული კანონის" მიღებას წელსაც ცდილობს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო დონორული ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები თუ უცხოური ასოციაციებია.
რამდენიმე კვირაა, საქართველოს მოქალაქეები "რუსული კანონის" პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ. იმავეს ურჩევენ მმართველ პარტიას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის აშშ და ევროკავშირი.
25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. ასევე, შესაძლოა, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაც მოითხოვეს. 26 აპრილს, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნა.
სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.