მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში ვებ-დეველოპმენტს ისწავლიან - Re:school ახალ პროექტს ავითარებს

რე:სქული

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში ვებ-დეველოპმენტს ისწავლიან, - ამის შესახებ Re:school – ის დამფუძნებელმა, სალომე მგელაძემ BMGTV-ს ეთერში, გადაცემა „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს და ამ კუთხით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. ამ დრომდე მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ პროგრამა განხორციელებული, ამასთან მიმდინარე პროექტია მსჯავრდადებული ქალების გადამზადება და შემდეგ უკვე დასაქმება. ახალი პროექტი კი, რომელსაც მგელაძე აანონსებს, არასრულწლოვანი მსჯავრდადებულების გადამზადებას ეხება, რომლებიც სასჯელის მოხდის შემდეგ, დასაქმდებიან.

„სამი კვირის წინ პენიტენციურ დაწესებულებაში ვიყავით. შევხვდით არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და მარტიდან მათ გადამზადებას ვებ-ეველოპმენტში დავიწყებთ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ეს, რადგან ისინი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე არიან და გვინდა, რომ დავანახოთ თუ რამდენად ბევრი შესაძლებლობა არსებობს და შევუცვალოთ ცხოვრება ისე, როგორც ეს მსჯავრდებული ქალების შემთხვევაში მოხდა.

არასრულწლოვნებისთვის პროექტი მარტიდან ჩაეშვება და 10 არასრულწლოვან მსჯავრდებულს გადაამზადებს. ფიზიკურად უკვე ორჯერ შევხვდით და ძალიან დიდი მოლოდინი აქვთ. იმედია, გაამართლებს და მათი განთავისუფლებისთანავე ჩვენ დასაქმებაში დავეხმარებით“, - განაცხადა სალომე მგელაძემ.

გარდა ამისა, კომპანია მიმდინარე წელს ახალი, მეოთხე ფილიალის გახსნას გეგმავს. ამ დრომდე Re:school – ის ფილიალების საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ოპერირებს. წელს კი, რეგიონებში გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი ფილიალი გორში უნდა გაიხსნას. მგელაძე დასძენს, რომ რეგიონებში კადრების მოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც ახალი ფილიალის გახსნის საკითხს ართულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები