მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

re:school მსჯავრდებულ ქალებს UI/UX დიზაინს შეასწავლის

school

არაფორმალური განათლების პლატფორმა re:school, რომელიც მოზარდებს ციფრულ ტექნოლოგიებს შეასწავლის, რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის UI/UX დიზაინის კურსს იწყებს, - ამის შესახებ BMG-ის re:school-ის დამფუძნებელმა და CEO-მ, სალომე მგელაძემ განუცხადა.

“პროექტზე მუშაობა დიდი ხნის წინ დავიწყეთ, თუმცა ძალიან დიდი ბიუროკრატიის გადალახვაა საჭირო იმისთვის, რომ პენიტენციურ სისტემაში შეაღწიო, ადგილზე ასწავლო ქალებს, ტექნიკურად აღჭურვო, ნებართვები მოიპოვო… როგორც იქნა, მივედით ბოლო ეტაპამდე და უკვე თებერვლიდან 15 მსჯავრდებული ქალი, რომლებსაც სასჯელის მოსახდელად მცირე ვადა აქვთ დარჩენილი, UI/UX დიზაინს შეისწავლის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი ციფრული პროფესიაა, რომლის შესწავლაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული”, - ამბობს სალომე მგელაძე.

მისი ინფორმაციით, პროექტი re:school-ისა და “პროგრეს ჯგუფის” დაფინანსებით ხორციელდება, თუმცა ზუსტ ბიუჯეტს არ ასახელებს. 10-თვიან ინტენსიურ კურსს გავლისა და საპატიმროს დატოვების შემდეგ, re:school-ი კურსდამთავრებულებს დასაქმებაში ხელშეწყობასაც ჰპირდება.

პროექტის იდეის ავტორი განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში საგანმანათლებლო კურსის შეტანის მიზანი მსჯავრდებული ქალებისთვის საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობაა.

“საქართველოში, ძალიან სტერეოტიპულ ქვეყანაში, მსჯავრდებულების საზოგადოებაში რეინტეგრაცია ყოველთვის პრობლემური საკითხია, სამსახურის პოვნა მათ ყოველთვის უჭირთ, ქალებისთვის კი ეს ორმაგი გამოწვევაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ პროცესში ჩვენი წვლილი შეგვეტანა, რაც ძალიან საინტერესო პრეცედენტია არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც. ამ ყველაფერზე დოკუმენტური ფილმის გადაღებაც იგეგმება ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის, რათა ეს ისტორია მხოლოდ საქართველოში არ დარჩეს და ყველამ ნახოს, როგორ აქციეს მათ სასჯელი შესაძლებლობად”, - ამბობს სალომე მგელაძე.

re:school-ის დამფუძნებელი განმარტავს, რომ პირველი ნაკადისთვის ქალები შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევიან, თუმცა კომპანია იმედოვნებს, რომ პროექტი ყოველწლიურ სახეს მიიღებს და კიდევ უფრო მეტ ადამიანს თუ მოწყვლად ჯგუფს მისწვდებიან.

“გარდა იმისა, რომ შერჩეულ ქალებს სასჯელის მოხდის მცირე ვადა უნდა ჰქონდეთ დარჩენილი, კრიტერიუმებს შორისაა მათი ასაკიც, მენტალური მდგომარეობა და, რაც მთავარია, მონდომება. ჩვენი დაკვირვებით, ციფრულ პროფესიებს შედარებით მარტივად ითვისებენ 40 წლამდე ახალგაზრდები და გვინდოდა, პროცესი მათთვის სასიამოვნო ყოფილიყო, ზედმეტად რომ არ გართულებოდათ. ასევე მნიშვნელოვანია ახალი პროფესიის შესაძენად მენტალური მზაობა და, მონდომება. თუ ადამიანს ახალი პროფესიის შესწავლა უნდა, ამაზე ასაკის გამო უარს არ ვეტყვით.

არც მხოლოდ ამ პროექტზე შეჩერებას ვაპირებთ. re:school-ის მიზანია, ქვეყნიდან ტვინების გადინება შეამციროს და ციფრული მიმართულებით სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების გადამზადება უკვე დავიწყეთ. იმედი მაქვს, ეს პროექტიც გაგრძელდება, თუმცა მხოლოდ re:school-ის რესურსები ვერ შეძლებს, უფრო მასშტაბური სახე მივცეთ ამას. თუმცა იმედი გვაქვს, გამოჩნდებიან “პროგრეს ჯგუფის” მსგავსი კომპანიები, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, და დაგვეხმარებიან, ამ პროექტებს სისტემატური სახე ჰქონდეთ”, - ამბობს სალომე მგელაძე.

კითხვაზე, რამდენად შეაფერხებს მსჯავრდებულთა ნასამართლევობა ქართულ ბაზარზე მათ დასაქმებას, re:school-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კერძო სექტორი მზად არის პროფესიონალი კადრები აიყვანოს და მათი წარსულით არ დაინტერესდეს.

“როდესაც პროგრამისტს ვეძებთ, დაინტერესებული ვართ იმით, რომ კოდი დაგვიწეროს და არა - მისი წარსულით, იყო თუ არა ნასამართლევი. მით უმეტეს, როდესაც სასჯელის ვადა სრულად აქვთ მოხდილი. მთავარია, ნაყოფიერი თანამშრომელი იყოს, მით უმეტეს, რომ ბაზარზე მომავლის პროფესიების დეფიციტია”, - ამბობს სალომე მგელაძე.

re:school ქართულ ბაზარზე თითქმის 1.5 წლის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ სოციალური პასუხისმგებლობის არაერთი პროექტი განახორციელა, რომელთა შორისაცაა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გალელი ახალგაზრდების გადამზადება პროგრამირებაში, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებისთვის სასწავლო კურსების დაფინანსება და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები