საქართველოს ფარმაცევტულ ასოციაციაში აცხადებენ, რომ რეგულირების არასწორი სისტემის გამო, ეპილეფსიის საწინააღმდეგო რამდენიმე მედიკამენტის იმპორტი ვერ ხორციელდება. ამის შესახებ ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული:
„საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა გახდეს ის ფაქტიც, რომ არასწორი რეგულირების სისტემის გამო, რეფერენტული ფასის დადგენის შემდეგ, ვერ ხორციელდება ეპილეფსიის საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტების იმპორტი აღნიშნული ჯგუფიდან: ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 50მგ #56, ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #56, ტეგრეტოლი CR ტაბლეტი 200მგ #20, ტეგრეტოლი ტაბლეტი 200მგ /TR/ #24, ფინლეპსინი ტაბლეტი 200მგ #50, ფინლეპსინი რეტარდი ტაბლეტი 200მგ #50, კარბამაზეპინი ტაბლეტი 200მგ #100, ლამიქტალი ტაბლეტი 50მგ #30, ლამიქტალი ტაბლეტი 100მგ #30, ლამიქტალი ტაბლეტი 25მგ #30, ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 25მგ #56 .
გაგიზიარებთ იმ ინფორმაციასაც, რაც მ/წლის დასაწყისში განვითარდა. სამინისტრომ უარი განაცხადა მწარმოებლის მიერ აღნიშნული მედიკამენტის გასაჩივრებულ ფასზე, რომელიც თავად სამინისტროს გამოთვლის მეთოდოლოგიასთანაც ვერ მოდიოდა შესაბამისობაში და მასზე რეფერენტული ფასი რჩება კრიტიკულ ნიშნულზე.
რომ არა სწორედაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, „დეპაკინ ქრონო“-სთან მიმართებითაც მსგავსი მდგომარეობა განვითარდებოდა, მაგრამ წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ მედიკამენტის გარეშეც პაციენტების დატოვება და მხოლოდ მწარმოებლისა და ქართველი დისტრიბუტორების სოციალური პასუხისმგებლობის და ურთიერთთანამშრომლობის ხარჯზე მოხდა „დეპაკი ხრონო“-ს შენარჩუნება ბაზარზე.
ნათლად იკვეთება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული რეფერენტული ფასწარმოქმნის მოდელი არის ყველა ასპექტში ხარვეზიანი. იქნება ეს რეფერენტული ქვეყნების შერჩევა თუ ფასწარმოქმნის მექანიზმი და ა.შ. არ არის გათვალისწინებული ის გამოწვევები და რისკები, რაც ქართულ ბაზარზეა შექმნილი. ყველაზე ხარვეზიანია ფასწარმოქმნის ფორმულა/მეთოდოლოგია, ფასების გამოყვანა სუბიექტური მიდგომითა და დაშვებების ფორმატში ხდება. ამ მეთოდოლოგიის ანალიზისას გაირკვა , რომ არსებული ფორმულით გამოყვანილი ფასი იმდენად შეუსაბამოა, რომ თავად რეფერენტულ ქვეყნებშიც (საიდანაც უნდა იმპორტირდეს მედიკამენტი) თეორიულად ანალოგიური ფასების არსებობის შემთხვევაში, მედიკამენტების 90% დატოვებდა ბაზარს. ფასების ამ არასწორმა გამოთვლამ, განაპირობა სწორედ ის დეფიციტი, რაც ბაზარზე უკვე არის. მედიკამენტების დეფიციტური სია მომავალში გაიზრდება იმავე მარტივი მიზეზით , რაც არის არასწორად დასმული რეფერენტული ფასი. უბრალოდ ეს მედიკამენტები ვერ იქნება ფიზიკურად მოწოდებული ჩვენი ბაზრისთვის. ამ ეტაპზე , სამინისტროს მიერ, რეფერენტული ფასი დადგენილია 1620 დასახელების მედიკამენტზე, თუმცა დღეის მდგომარეობით საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ 600 დასახელებამდე მედიკამენტი“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 20 ივლისს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატ "დეპაკინზე", სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა.