მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არავინ არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში“ – იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე

6439a0a427f85
BM.GE
15.04.23 01:00
1877
“რასაკვირველია, არავინ არ ერევა საქართველოს სუვერენიტეტში” – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ 2012–2018 წლებში ალექსანდრე ბარამიძემ ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–ში აშშ–ის მიერ საქართველოს 4 მოსამართლის სანქცირების შეფასებისას.

აშშ-მა 5 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

როგორც იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე განმარტავს, საქართველო არაერთი გლობალური და რეგიონალური კონვენციის ხელმომწერია, რაც მას კორუფციის პრევენციას, შესაბამისი ფაქტების მოძიებას და ასევე – დამნაშავე პირთა მართლმსაჯულებისთვის წარდგენას გულისხმობს. სანდრო ბარამიძის შეფასებით, ევროპულ და საერთაშორისო კონვენციებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გაეროს კონვენციაა კორუფციის წინააღმდეგ.
„ეს არის მრავალმხრივი ხელშეკრულება – საერთაშორისო ხელშეკრულება – რომლის მხარე სახელმწიფოებმა კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულება ერთმანეთის პირისპირ იკისრეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვა მხარე სახელმწიფოებს, მათ შორის, შეერთებულ შტატებსაც, ამ კონვენციებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აქვთ უფლებამოსილება და შესაბამისი სტრუქტურებიც არსებობს, რომ პერიოდულად შეამოწმონ, როგორ ასრულებს საქართველო თავის ვალდებულებებს კორუფციასთან მიმართებით“ – განმარტავს სანდრო ბარამიძე.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, არავინ არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში იმ კუთხით, რომ არავინ არ აპირებს საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი დანაშაულების გამოძიებას, რომელთა გამოძიებაც საქართველოს სუვერენული უფლებაა.

„სუვერენიტეტი არ ნიშნავს, თავი აარიდო საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ეს საერთაშორისო ვალდებულება ამ შემთხვევაში ერთი მხრივ არის ის, რომ მოსამართლეების მიერ ჩადენილი კორუფციული ფაქტები სახელმწიფომ ეფექტურად უნდა გამოიძიოს და მეორე – ეს არის საქართველოს ვალდებულება უზრუნველყოს ერთ–ერთი ძირითადი უფლების – სამართლიანი სასამართლოს უფლების – დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე“ – ამბობს სანდრო ბარამიძე.

მისივე თქმით, კორუმპირებული კლანის პირობებში ირღვევა ჩვენი – საქართველოს მოქალაქეების ერთ–ერთი ძირითადი უფლება – სამართლიანი სასამართლოს უფლება და სუვერენიტეტის მოხმობა ამ შემთხვევაში სრულიად არარელევანტურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები