არავინ იცის, როგორ და საიდან გავიდა ან გავიდა თუ არა - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის კითხვას, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მან „ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოიყენა“.
„არ ვიცი, არ ვიცნობ აღნიშნულ თემას. შესაბამისად, ალბათ, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. არავინ იცის, როგორ და საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი ან საერთოდ, გავიდა თუ არა. შესაბამისად, გამოძიება ყველაფერს დაადგენს“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ორ საქმეზე ედავება პირველი გირაო 2023 წლის 6 ივლისს შეეფარდა 2.5 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო მეორე საქმეზე რომელზეც მას ბრალი რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს გირაო 50,000 ლარის ოდენობით 25 თებერვალს დაეკისრა.



























