მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არავის უნდა გახედვა იმ ქვეყნებისკენ, რომელთაც სანქცირებული მთავრობა ჰყავთ“ - კოკა თოფურია

კონსტანტინე თოფურია

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია დარწმუნებულია, რომ „რუსული კანონის“ ძალით საქართველოში დიქტატურა ვერ დამყარდება.

„ეს კანონი ფესვებს ვერ გაიდგამს ჩვენს ქვეყანაში“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ საუბარში და იქვე დასძინა, რომ რუსული ყაიდის კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა გაწირა.

„ეს კანონი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ ხდება საქართველოს კონფრონტაცია დასავლეთთან და დემოკრატიული წყობილების ჩამოშლა. ამ კანონს შეუძლია, საქართველო გარიყულ ქვეყნად აქციოს... აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებით, იმ ქვეყნების რიგში აღმოვჩნდით, რომელთაც სანქცირებული მთავრობა ჰყავთ. მსოფლიოში ასეთი რამდენიმე ქვეყანაა და მსგავსი სახელმწიფოებისკენ არავის უნდა გახედვა, მათ შორის არც - ინვესტორებს. „რუსული კანონის“ პირობებში საქართველოსაც ასეთი მომავალი აქვს.

ადამიანები, ვისაც საშუალება ექნება, საზღვარგარეთ წავლენ და საქართველოს დაემართება ის, რაც დაემართა ქართულ სოფელს 50-იან წლებიდან, როცა სოფლების დაცლა დაიწყო; შეიძლება, ქვეყნის შიგნით მიგრაციული პროცესი დადებითი იყო, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა.... შეიძლება, საქართველოდან ემიგრაციის გზარდა ევროპისთვისაც კარგი იყოს, თუ იქ ბევრი ნიჭიერი ქართველი ჩავა, მაგრამ საქართველოსთვის ეს იქნება კატასტროფა.

სამწუხაროა, რომ ახლა, როცა საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, მსოფლიოს ცენტრში ისევ დაბრუნდეს, ჩვენმა ხელისუფლებამ გაგვწირა იმისთვის, რომ ვიყოთ გარიყული ქვეყანა. ჩემი შეფასებით, ის ხალხი, ვინც საქართველოს ასეთი განაჩენი გამოუტანა, ქვეყნის მოღალატეები არიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოში ვერ დამყარდება დიქტატურა, რაც სურს რუსეთს. რატომ? - საქართველოში ჩამოყალიბდა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, როგორსაც ვერ ნახავთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ამდენად, იქ სადაც მოსახლეობის 80%ს არ სურს წარმოუდგენელია, დიქტატორული რეჟიმი მივიღოთ“, - განაცხადა კონსტანტინე თოფურიამ.

ამასთან, მიუხედავად გამოწვევებისა დ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავენ, „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორს იმედი აქვს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხი მმართველ პარტიას „განაჩენს გამოუტანს“ და საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება.

„ყველას მოვუწოდებ, არჩევნებამდე არ დატოვონ საქართველო“, - აცხადებს კონსტანტინე თოფურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები