მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ₾40 მილიონის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა - კაკაურიძე

სტუდენტები

არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა, ითქვა, რომ სტუდენტებს ვალი გაუნულდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვალი ჩამოეწერებათ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა. საკითხზე შეკითხვა კაკაურიძეს "ევროოპტიმისტების" სხდომაზე დაუსვეს.

“სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს არ განუცხადებია, რომ თანხას ბიუჯეტიდან სრულად ჩვენ გადავიხდით. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს დავალიანება სრულად ჩამოეწერებათ. პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთ - პრემიერმა თქვა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. ის თუ რამდენს დავხარჯავთ, დაახლოებით ორ თვეში გამოჩნდება, როდესაც პროცესი დასრულდება. ბიუჯეტიდან დიდი და მნიშვნელოვანი თანხის დამატება საჭირო არ იქნება. განათლების სამინისტრო თავისი რესურსით ამ თანხების დაფინანსებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, 40 მილიონი ლარი არ დაიხარჯება“, - განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე თქმით, როგორც გაცხადებულია, დავალიანების 20%-იანი ანაზღაურება სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ უნივერსიტეტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოსყიდვა გააკეთოს - ეს ვალდებულება, სტუდენტების მიმართ მოთხოვნა დათმოს და სახელმწიფო ამ თანხას არ მოსთხოვს.

კაკაურიძის თქმით, თუ რომელიმე უნივერსიტეტს ამის გაკეთება არ ენდომება, ვერავინ აიძულებს.

„არავინ არავის არაფერს აძალებს. თუ კერძო უნივერსიტეტებს არ ენდომებათ, მათ შეუძლიათ ამაზე უარი თქვან, არავინ არაფერს ავალდებულებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის მისაღები იქნება“, - განაცხადა კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, უნივერსიტეტებისთვის გაკეთებული შეთავაზების კონტექსტში მაგალითად საბანკო სექტორი მოიყვანა და აღნიშნა, რომ საბანკო სექტორში არსებობს დავალიანებები, რომელთა ამოღება არ ხდება, ხდება ჩამოწერა, ხოლო ზოგ შემთხვევაში ბანკს აწყობს, რომ რაღაც ღირებულებით გაიყიდოს.

მთავრობა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს 40 მილიონის დავალიანებას უნულებს - პრემიერის გადაწყვეტილება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები