მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არბიტრაჟებში მოთხოვნილი კომპენსაცია $1.7 მილიარდია - ფინანსთა სამინისტრო ფისკალურ რისკებზე წერს

ფინანსთა სამინისტრო ფასადი

ფინანსთა სამინისტრომ ფისკალური რისკების განახლებული დოკუმენტი მოამზადა. 2025 წლის ბიუჯეტზე თანდართულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 10 საარბიტრაჟო დავაში ინვესტორთა მხრიდან მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა 1.7 მილიარდი დოლარი, ანუ 4.5 მილიარდი ლარია.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ორშაბათს თურქულმა კომპანია ENKA-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან ნამახვანჰესთან დაკავშირებით 2021 წელს შეტანილ საარბიტრაჟო დავაში გაიმარჯვა და სახელმწიფოს მის სასარგებლოდ 383.2 მილიონი დოლარის (1.1 მილიარდი ლარის) კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. თავის მხრივ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქმეზე დავა არ დასრულებულა და შესაძლოა კომპენსაციის მოცულობა შეიცვალოს.

საერთაშორისო არბიტრაჟებთან დაკავშირებული ფისკალური რისკები - ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტი:

"დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს, გათვალისწინებულია კონფიდენციალურობის ვალდებულებები მხარეებისთვის სპეციალიზებული სასამართლოების მიერ, როგორებიცაა - საინვესტიციო დავების განმხილველი საერთაშორისო ცენტრი (ICSID) ან საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო (ICC). ამასთან, ძალიან ხშირად შეთანხმება მიიღწევა ისეთ თანხაზე, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველ მოთხოვნასთან შედარებით. ასევე, სახელმწიფომ შესაძლოა მოამზადოს შემხვედრი სარჩელი და მოიპოვოს გამარჯვება შესაბამისი კომპენსაციით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 10 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 1,7 მლრდ აშშ დოლარს (4,5 მლრდ ლარს), რაც 2023 წლის მშპ-ს 6%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, იმ შემთხვევაშიც თუ ასანაზღაურებელი დავის თანხის მოცულობა არის მოთხოვნილზე ბევრად ნაკლები, მსხვილი და მასშტაბური სასამართლო დავის წაგება წარმოადგენს შემთხვევას, რომელიც არ შეიძლება დარჩეს ყურადღების მიღმა. რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული დასრულებული დავების სტატისტიკას (6 დავა), 3 დავა დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით, 1 დავა - სახელმწიფოს ნაწილობრივი გამარჯვებით (თითოეულ მხარეს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა) და 2 დავაზე სახელმწიფოს დაეკისრა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება. საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს ასიგნებებს შესაძლო წაგებული საქმეებისთვის. გასულ წლებში წაგებული გადახდილი ფაქტობრივი თანხის ოდენობა იყო არაარსებითი, მეორე მხრივ, ეს სტატისტიკა არ წარმოადგენს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შემდგომ წლებში ამ მიმართულებით ხარჯები ასეთივე არარსებითი იქნება,"- ნათქვამია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.

რამდენიმე საარბიტრაჟო დავის მოთხოვნილი კომპენსაციები:

• “ზაზა ოქუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $328.2 მილიონი დოლარი;
• მაგთის მფლობელი კომპანიების - „TELCELL WIRELESS LLC“ და „INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC“ საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $154 მილიონი დოლარი;
• ENKA Renewables საქართველოს წინააღმდეგ, მოთხოვნილი კომპენსაცია $383.2 მილიონი დოლარი.

რატომ მიდიან ინვესტორები არბიტრაჟში?

როგორც წესი, საარბიტრაჟო დავები მსხვილ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდება. მათში ხშირ შემთხვევაში მოსარჩელეს უცხოური კომპანიები წარმოადგენენ. ამ ინვესტორებს არბიტრაჟისადმი მიმართვის შესაძლებლობას საერთაშორისო კანონმდებლობა და საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებები აძლევს.

მაგალითად, საქართველოს აქვს ინვესტორთა უფლებების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებები აშშ-სთან, ნიდერლანდებთან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან. მათ შორის ზოგიერთი ასეთი ხელშეკრულება თავისი შინაარსიდან გამომდინარე უფრო ფართოა და ინვესტორებს მეტ უფლებებს ანიჭებს.

ათობით მილიონი ლარი იურისტების დაქირავებისთვის

საქართველოს მთავრობა ამ საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე მილიონობით ლარს ხარჯავს. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტები საერთაშორისო იურიდიულ ფირმა White & Case-თან არის გაფორმებული, რომლებშიც იუსტიციის სამინისტრომ 2020 წლის შემდეგ 171 მილიონი ლარი გადაიხადა. იურიდიული ფირმა AARPI-ის სერვისებში 31 მილიონი ლარი, Dechert-ის დაქირავებაში კი 25 მილიონი ლარი არის გადახდილი.

მთლიანობაში 2020 წლის შემდეგ მთავრობამ საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე 230 მილიონი ლარი დახარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები