NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ფაიკ ოზთრაქი აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები და მისი შედეგები ტესტია საქართველოს დემოკრატიისთვის.
როგორც მან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების პრესკონფერენციაზე განაცხადა, იყო უარყოფითი ელემენტები, როგორიცაა დაძაბული, პოლარიზებული გარემო, ასევე ამომრჩევლებზე ზეწოლის და დაშინების შემთხვევები, ხმის ფარულობის დარღვევა.
ფაიკ ოზთრაქი ამბობს, რომ საქართველო დიდ სირთულეებს აწყდება დემოკრატიულ რეფორმებში და მათ შორის "რუსული კანონი" ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია.
„მინდა, დავიწყო განმარტებით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა NATO-სგან ცალკე არსებული სტრუქტურაა და მე ვსაუბრობ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის და არა NATO-ს სახელით. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პარტნიორობა საქართველოში 25 წლის წინ დაიწყო და ეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორობაა. ჩვენ ნამდვილად ჩემპიონები ვიყავით საქართველოში დემოკრატიის, ევროკავშირისა და NATO-სკენ მისწრაფებების მხარდაჭერის კუთხით.
რაც შეეხება საერთო ფასეულობებს, როგორებიცაა ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, არის ნამდვილად აუცილებელი პირობა, რომ ქვეყანა გახდეს NATO-ს წევრი და ეს მნიშვნელოვანია აგრეთვე ევროკავშირისთვის. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ჩვენ გავაორმაგეთ ძალისხმევა საქართველოს მხარდასაჭერად და ასევე მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ საქართველო დგას ძალიან მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე. ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი. ეს არჩევნები კიდევ ერთი კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის და მისი შედეგები კიდევ მეორე ტესტი იქნება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავაკვირდეთ ამ არჩევნებს და როდესაც მოგვიწვიეს, მივიღეთ მოწვევა, რადგან უკვე ვაკვირდებოდით არჩევნებს საქართველოში 2008 წლიდან მოყოლებული.
ჩვენ განცხადებაში არის რამდენიმე უარყოფითი ელემენტი, რომელიც ამ არჩევნების დროს დავაფიქსირეთ. კოლეგებმა ბევრ ელემენტზე უკვე ისაუბრეს, მაგრამ მე რაც პირადად მაწუხებდა, იყო შემდეგი საკითხები: დაძაბული, ძალიან ღრმად პოლარიზებული გარემო, ასევე ამომრჩევლებზე ზეწოლის და დაშინების შემთხვევები საარჩევნო უბნის გარეთ, ხმის ფარულობის დარღვევა და ასევე არათანაბარი სათამაშო მოედანი, ანუ პირობები, განხეთქილების შემომტანი რიტორიკა. ჩემი მოვალეობაა, ვისაუბრო ამ არჩევნებზე და მოვამზადო ანგარიში, რათა შემდეგ უკვე ასამბლეამ ხელახლა გადასინჯოს და ახალი კალიბრით შეამოწმოს ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან.
კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარდაჭერას ვუწევთ ქართველ ხალხს, ვისაც უნდა დემოკრატიული საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში. საქართველო დიდ სირთულეებს აწყდება დემოკრატიული რეფორმების და კონსოლიდირების გზაზე, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას დემოკრატიული გამძლეობის ცენტი, ეს უნდა მოხდეს NATO-ს შტაბ-ბინაში და ეს გახდეს რესურსი ჩვენი წევრებისთვის და ასევე საქართველოსთვის", - განაცხადა ფაიკ ოზთრაქიმ.