მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს, პარლამენტი ვერ შეიკრიბება - ეკა ბესელია

ეკა ბესელია

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესების დამცველი, ეკა ბესელია ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს, პარლამენტი ვერ შეიკრიბება. მან ამის შესახებ "ტელეკომპანია პირველის" ეთერში განაცხადა.

ბესელიას თქმით, "ქართული ოცნება", რომელიც პარლამენტის შეკრებას 25 ნოემბერს აანონსებს, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელის გადაწყვეტას უნდა დაელოდოს.

მისივე განცხადებით, სასამართლოს მხრიდან პროცესის სწრაფად წარმართვის შემთხვევაშიც, მოსარჩელე მხარე მზადაა აჩვენოს, როგორ ირღვეოდა ფარულობა და საყოველთაობა საპარლამენტო არჩევნებზე.

"რამდენიმე ნორმაა, რომელიც ამ საკითხებს აწესრიგებს და მათ შორის, რეგლამენტშიც არის ეს ჩანაწერი, რომ როდესაც პარლამენტის წევრების უფლებამოსილების საკითხი არის სადავო, და ეს ამ კონსტიტუციურ სარჩელშიც არის პირდაპირ და იქნება განსახილველი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ვერ უნდა შეიკრიბოს და უნდა დაელოდოს ამ საკითხის გადაწყვეტას. ეს სამართლებრივი პროცედურის შემადგენელი ნაწილია.

თუ რეკორდის მოხსნას მოინდომებენ, რასაც არაა მიჩვეული ეს სასამართლო, და ჩათვლის, რომ სწრაფად უნდა განიხილოს, რათა ირაკლი კობახიძის კალენდარს დაემთხვეს... განიხილოს. ჩვენ მზად ვართ ეს არგუმენტები, ფაქტები, მტკიცებულებები წარვადგინოთ სასამართლოში, ვაჩვენოთ როგორ ირღვეოდა ფარულობა, საყოველთაობა და კიდევ ბევრი რამ. ერთი რამ უდავოა, პარლამენტის შეკრება ანტიკონსტიტუციურია. ვინ უნდა მოიწვიოს პარლამენტი? პრემიერ-მინისტრი ახლა უბრალოდ მოვალეობას ასრულებს, ახალი უნდა აირჩიოს პარლამენტმა, მაგრამ ჯერ პარლამენტი უნდა მოიწვიოს პრეზიდენტმა, სხვა ვერავინ ვერ მოიწვევს. თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს, პარლამენტი ვერ შეიკრიბება", - განმარტა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ პრეზიდენტმა, რომელიც პარლამენტის მოწვევაზე უარს ამბობს, უკვე ისაუბრა გეგმაზე, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებს და გარდამავალ პერიოდში 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება - არსებული პარლამენტით, მთავრობით და პრეზიდენტით.

შეგახსენებთ, ცესკოს მიერ საარჩევნო შედეგების საბოლოო შეჯამების შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი 19 ნოემბერს წარედგინა. 20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა. ეკა ბესელიას განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა სამდღიანი ვადა პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელის წარდგენიდან, რომ ეცნობებინა მხარისთვის, თუ რაიმე ხარვეზს დაინახავდა, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ტექნიკური წუნი ან რაიმე პრეტენზია ამ ეტაპზე სასამართლოს არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები