საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელის დარეგისტრირება ოფიციალურად წარმოების დაწყება არაა.
როგორც მან "ტელეკომპანია პირველის" ეთერში განმარტა, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა სამდღიანი ვადა პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელის წარდგენიდან, რომ ეცნობებინა მხარისთვის, თუ რაიმე ხარვეზს დაინახავდა, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ტექნიკური წუნი ან რაიმე პრეტენზია ამ ეტაპზე სასამართლოს არ აქვს.
"ეს არ არის ოფიციალურად წარმოების დაწყება. ეს არის პირველი ეტაპი, როდესაც ხდება სარჩელის მიღება. მარტივად რომ ავხსნა, ფორმალურად როდესაც ამოწმებს პირველ ეტაპზე, თუ რამე ხარვეზი იქნებოდა, ტექნიკურად იქნებოდა გასასწორებელი თუ დასამატებელი, რაიმე უზუსტობას დაინახავდა, ამას სამი დღის განმავლობაში ამცნობს მხარეს.
რადგან უკვე გამოაცხადა რომ ეს სარჩელი არის მიღებული, რაიმე ტექნიკური წუნი ან რაიმე პრეტენზია ამ ეტაპზე სასამართლოს არ აქვს. ახლა იწყება უკვე უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი", - ამბობს ბესელია.
მან ისაუბრა ვადებთან დაკავშირებით და ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს ნდობა მოსამართლის მიმართ, რომელსაც სარჩელი დაეწერა.
"ამ სარჩელის განხილვა არაა სტანდარტული, ვადებითაც განისაზღვრება ეს, რადგან საქმე კონსტიტუციური შემოწმების პროცესს ეხება, იმ ნორმების, რომელიც არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა. ფარულობა და საყოველთაობა ეს ორი მნიშვნელოვანი რამ არის, თუმცა სარჩელი ბევრად კომპლექსურია მათ შორის, მოიცავს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების კანონიერების შემოწმებასაც და რადგან არის ის შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილობას ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთთვიანი ვადა აქვს. ეს ერთთვიანი ვადა უკვე ჩართულია და ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურ ვადას კი არ უნდა დაელოდოს, არამედ ამ ერთ თვეში სასამართლომ უნდა განიხილოს ეს ვადა. გამონაკლის შემთხვევაში, თუ ჩათვლის რომ იმდენად რთულია, რომ ვერ ართმევს და მიიჩნევს, რომ რესურსები არ ყოფნის ამ ერთი თვის განმავლობაში, ერთთვიანი ვადის გაგრძელება არის მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევა. ამას სჭირდება განსაკუთრებული დასაბუთება და იმედი მაქვს, რომ ასე არ გაახანგრძლივებს საქმეს.
თუმცა მოსამართლე, რომელსაც დაეწერა ეს სარჩელი, ვასილ როინიშვილი პირდაპირ მიეკუთვნება მოსამართლეთა იმ გავლენიან ჯგუფს, რომელიც მართავს სასამართლო ხელისუფლებას სხვადასხვა უკანონო მეთოდებით. მე პირადად მისდამი ნდობა არ მაქვს, თუმცა პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ ეს ნდობის გამოხატულება კი არ არის სასამართლოს მიმართ, არამედ ეს არის აუცილებელი ნაბიჯი და აბსოლუტურად ვიზიარებ ამას, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს გზა", - თქვა ბესელიამ.
შეგახსენებთ, ცესკოს მიერ საარჩევნო შედეგების საბოლოო შეჯამების შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი 19 ნოემბერს წარედგინა.