მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არჩევნები მიმდინარეობს დასავლეთისგან დაშორების და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ფონზე" - РБК

ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, რა არის მნიშვნელოვანი რომ იცოდეთ: არჩევნები მიმდინარეობს დასავლეთისგან საქართველოს დაშორების და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ფონზე – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას РБК.

რუსული გამოცემა წერს, რომ „26 ოქტომბრის მთავარი ინტრიგაა – შეძლებს თუ არა ძალაუფლების შენარჩუნებას "ქართული ოცნება", რომელიც ქვეყანას უკვე 12 წელია, რაც მართავს და რომელსაც ოპოზიცია ევროინტეგრაციის კურსის პრორუსული კურსით ჩანაცვლებაზე ადანაშაულებს – თუ მას ოპოზიციური ძალების კოალიცია დაამარცხებს“.

РБК–ს შეფასებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა, ხოლო მოსკოვთან ურთიერთობები საყოფაცხოვრებო ნორმალიზაციის დონეს დაუბრუნდა. რუსული გამოცემა ხაზს უსვამს ფაქტს, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააფართოვა უვიზო რეჟიმი ქართველებისთვის.

სტატიაში დეტალურად არის მიმოხილული ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია – ძირითადი აქცენტით "გლობალური ომის პარტიაზე", რომელზე საუბრით "ოცნებამ" 2022 წლიდან დაიწყო, როგორც საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ‘მეორე ფრონტის’ მთავარ წამახალისებელზე.

РБК აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტას არ აპირებს და პირიქით, მათი გამყარება სურს, ოღონდ აშშ–თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის ფონზე. რუსულ გამოცემას არც ბიძინა ივანიშვილის დაპირება გამორჩენია, რომ არჩევნების შემდეგ, საქართველო იპოვის ძალას და ბოდიშს მოუხდის სოხუმს და ცხინვალს.

სტატიაში განხილულია ქართული ქარტია და შეჯამებულია ის კომენტარებიც, რაც არჩევნებთან დაკავშირებით ისმის, როგორც ევროკავშირის, ისე რუსეთის მხრიდან. ევროკავშირის ნაწილში РБК ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის, ხოლო რუსეთის ნაწილში კი – საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს სერგეი ნარიშკინს ციტირებს. რუსული გამოცემა წერს, რომ ნარიშკინი იმედოვნებს, „ქართველი ხალხი სწორ და ზუსტ არჩევანს გააკეთებს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები