პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება ინსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა აწარმოონ.
კობახიძე ამბობს, რომ "ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ საქართველო არის სახელმწიფო".
"რა შუაშია საერთაშორისო გამოძიება, [არჩევნების გაყალბებაზე] ფაქტები არა აქვთ. ფაქტები მიიტანონ და გამოძიება აბსოლუტურად გამჭვირვალეა.
საქართველო უნდა ვაღიაროთ სახელმწიფოდ, აქ არ არის საუბარი დაშვებაზე ან არ დაშვებაზე. საქართველო თუ არის სახელმწიფო ინსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ ყველაფერი. ყველამ დაიმახსოვროს, რომ საქართველო არის სახელმწიფო", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. ისინი ამბობენ რომ არჩევნები გაყალბდა და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.