რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, პოლიტოლოგი ვალერი ჩეჩელაშვილი მედიასთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშშ-სთან ურთიერთობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ქართული მხარის მიერ ვაშინგტონთან ურთიერთობების გადახედვა ქვეყანას ევროპას დააშორებს და რუსეთის სატელიტად აქცევს.
"კითხვა მაქვს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის გადახედავს ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რას ნახავს? ნუთუ ჩვენ დავაფინანსეთ ამერიკული ჯარის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა?! ან ასეულობით მილიონი დოლარი C ჰეპატიტის სამკურნალოდ ჩვენ გამოვყავით, რომ გადაგვერჩინა ამერიკელები? [ბიძინა ივანიშვილის მიერ აგვისტოს ომისთვის ბოდიშის მოხდის შემდეგ] შესაძლოა, პრემიერ-მინისტრს აღარ ადარდებს არაღიარების პოლიტიკა, რაშიც აშშ გვეხმარება.
ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო თამაშები. თუ მოხდა რამე ფანტასტიკა და "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლება 26 ოქტომბრის შემდეგაც შეინარჩუნა, ჩვენ ის საქართველო აღარ ვიქნებით, რაც დღეს ვართ. ან ვიქნებით ჭეშმარიტად პროევროპული ქვეყანა, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ან ჩავეფლობით პოსტსაბჭოთა წუმპეში და ვიქნებით ქვეყანა, რომელიც გარდაუვალად იქნება რუსეთის სატელიტი", - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.
ყოფილი დიპლომატი ასევე აცხადებს, რომ პრემიერისა და ელჩის შეხვედრას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უნდა გამოესწორებინა, რისი პერსპექტივაც ირაკლი კობახიძემ დაანგრია.
"ბატონმა პრემიერმა რაც განაცხადა, ის იგულისხმა. უბრალოდ მომეჩვენა, რომ შეხვედრაზე უხერხულად გრძნობდა თავს. ალბათ, თვითონაც ესმის, რომ რა განცხადებებსაც აკეთებს, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ანგრევს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებს და იმის პერსპექტივას, რომ ჩვენ დავიბრუნოთ კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში", - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის მიერ თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნების, ზვიად ხარაზიშვილისა და მილერი ლაგაზაურის დასანქცირების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგენს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთი ასეთი ნაბიჯის შემთხვევაში, საქართველოს ურთიერთობის გადახედვაზე "პრინციპული მსჯელობა" მოუწევს.