ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები და ელჩის, რობინ დანიგენის დღევანდელი განცხადება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას ხელს არ უწყობს. მისივე თქმით, მაღალი რანგის პოლიციელებისთვის სანქციების დაწესება "პრინციპულად მიუღებელია".
"ასეთი ნაბიჯები, გადაწყვეტილებები, ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. თქვენ გახსოვთ, რომ ამ ურთიერთობებში იყო სერიოზული სირთულეები, რასაც, ძირითადად, წინა ელჩის საქმიანობა განაპირობებდა. ასეთ პირობებში, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, რასაც ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა სჭირდება.
სანქციები და ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს, როდესაც სანქციები უწესდებათ მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ აგვისტოს ომში. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უდიდესი შეურაცხყოფა, ეს პრინციპულად მიუღებელია ჩვენთვის", - აცხადებს კობახიძე.
პრემიერმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზეც ისაუბრა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ სანქციების მსგავს ნაბიჯს კიდევ გაიმეორებს, საქართველოს გარკვეული პოზიციების გადახედვაზე მოუწევს მსჯელობა.
"მე შეშფოთება გამოვხატე ამერიკის ელჩის მიმართ და უფრო მეტიც, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ერთი რამ, რომ თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, ჩვენ მოგვიწევს პრინციპული მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია არაპარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოსგან, რომელსაც ეწოდება არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ - სტრატეგიული პარტნიორი.
ამიტომ ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ რაციონალურად და სამართლიანად. ეს წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. [სანქციები] სწორედ ამ ურთიერთობების დანგრევისკენაა მიმართული. ვის შეიძლება აწყობდეს ეს, თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ. იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება იქნება ბოლო ამ ურთიერთობების დანგრევის მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის მიერ ზვიად ხარაზაშვილის (ხარებას) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურის დასანქცირების შემდეგ, პრემიერი შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგენს შეხვდა.
ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს
საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები არ ეხმარება ქართველ ხალხს - აშშ-ის ელჩი