პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ოლიგარქიული პრობლემების შედეგია. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ბაიდენი სანქციების გადაწყვეტილებაზე საქმის კურსშიც კი არ არის.
„არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ რა თქმა უნდა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება. მე, ისევე როგორც ქართული საზოგადოების უმეტესობას, არ გვჯერა, რომ ბაიდენმა მიიღო [სანქციებზე] გადაწყვეტილება. მგონია, რომ არსებობს არაფორმალური გავლენები, ესაა ჩემი და ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის ღრმა რწმენა. ასეთი რწმენები არსებობს მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან ფართოდ არის გავრცელებული“,- თქვა ირაკლი კობახიძემ.
16 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ხაზინამ საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციების პაკეტი წარადგინა. აშშ-ის ხაზინამ 4 ადამიანი - შსს-ის სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. მათ ფინანსური სანქციები გლობალური მაგნიტსკის სიის ფარგლებში დაუწესდათ. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა სავიზო სანქციებიც და ის დაუწესა 60 პირსა და მათ ოჯახის წევრებს, ვინც ქვეყანაში დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, დეზინფორმაციის გავრცელებასა და კორუფციაში არიან ჩართული.