„ანტიკორუფციული ბიუროს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დიპლომატიური შეცდომა, რომელიც პრემიერმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დროს დაუშვა“ - ამ ორი მიზეზით ხსნის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვალერი ჩეჩელაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე მიწვეული ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებას.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ფაქტის შეფასებისას განაცხადა, ამ დღეების განმავლობაში, მან ვერც პირადი გამოცდილებით და ვერც დიპლომატიური სახელმძღვანელოების დახმარებით ვერ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტთან მიღებაზე მიწვეული ქვეყნის ლიდერს მიწვევა გაუუქმეს.
- ამიტომ შეიძლება, ბატონ ირაკლის „მივულოცოთ“, რომ ის ისტორიაში შევიდა, როგორც მთავრობის პირველი მეთაური, რომელიც ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული იყო, მაგრამ მოგვიანებით სიიდან ამოიღეს...
- „ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი. აშშ არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს“ – ასე შეაფასა აშშ-ის გადაწყვეტილება თავად ირაკლი კობახიძემ. სინამდვილეში რა ჟესტი იყო ეს?
- ალბათ ბატონმა ირაკლიმაც იცის, რომ მსგავს ღონისძიებებზე სტუმრების სია დაახლოებით, ერთი თვით ადრე დგება. სიაში იყო ირაკლი კობახიძეც. ჩნდება კითხვა - რა მოხდა ისეთი, რატომაც ასე მოიქცნენ?! მახსენდება ორი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რასაც ამ პერიოდში ჰქონდა ადგილი საქართველოში და რასაც შეიძლება ემოქმედა ამერიკელების გადაწყვეტილებაზე. პირველი - ეს არის ანტიკორუფციული ბიუროს თავდასხმა სამოქალაქო ორგანიზაციებზე, ვგულისხმობ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „აირჩიე ევროპას“. მეორე - ის უხეში დიპლომატიური შეცდომა, რომელიც პრემიერმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დროს დაუშვა. ყოველ შემთხვევაში, იმ შეხვედრის გაშუქების ფორმა - თითქოს მცდელობები სტრატეგიული პარტნიორის დამცირების და მუქარის ტონი ნამდვილად იყო ძალიან უხეში შეცდომა. შედეგად, მოხდა ის, რაც მოხდა, თუმცა ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებებიდან ჩანს, რომ მან დასკვნები ვერ გამოიტანა და ვხედავთ, იგივე მუქარის ტონით ესაუბრება აშშ-ს.
დიპლომატისთვის რთულია „ქართული ოცნების“ ქმედებების პროგნოზირება და იმის ამოცნობა, რას გულისხმობს მთავრობის მეთაური აშშ-თან სტატუს-კვოს გადახედვაში - შეიძლება ეს იყოს აშშ-დან ელჩის გამოწვევა თუ საერთოდაც, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გადახედვა, მაგრამ ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, „ეს არის უმადური, არადიპლომატიური საქციელი და ძალიან სახიფათო თამაშები სტრატეგიულ პარტნიორებთან“.
„ვფიქრობ, ვერაფერს გააკეთებენ, მაგრამ არც არაფერია გამორიცხული... ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი დაცულობა, არააღიარების პოლიტიკა, ჩვენი წონა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში - როგორც გლობალურში, ისე რეგიონულში, დამოკიდებულია სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობის ხარისხზე და ეს არის აშშ და ევროკავშირი“, - დასძინა მან.
ვალერი ჩეჩელაშვილის თქმითვე, აშშ-დან საქართველოს ელჩის დავით ზალკალიანის გამოწვევას დიდი მნიშვნელობა ვერ ექნება.
„ბატონმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან მექნება ძალიან გულწრფელი საუბარიო, მაგრამ არც სენატში და არც კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვაზე ის არ მისულა. დიპლომატიია ანაბანაა - შენ თუ გჯერა, რომ შენი დიპლომატიური პოზიციების დასაცავად გაქვს მყარი არგუმენტების სისტემა, უნდა შეხვიდე დიალოგში სტრატეგიულ პარტნიორთან, თუ რა თქმა უნდა, შენი და მისი ფასეულობათა სისტემა, ერთმანეთთან თანხვედრაშია და მაშინ გამოძებნი საერთოს, მაგრამ ეს არის პრობლემა, რომ დღეს აშშ-ის და საქართველოს ფასეულობათა სისტემა და თანამშრომლობის პრინციპები ერთმანეთთან აცდენილია, ამიტომაც ვერ მიდის იქ ელჩი“, - აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ თუ 26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა ხელისუფლება, საქართველო 2030 წელს ევროკავშირის ქვეყანა ვერ გახდება.
დიპლომატის თქმითვე, თუ საქართველო დემოკრატიულ გზაზე არ დაბრუნდა და გაგრძელდა სანქციები, შეჩერდა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კანდიდატის სტატუსიც, საქართველო ვერ შეინარჩუნებს იმ „მოჩვენებით ეკონომიკურ კეთილდღეობასაც“, რომელიც ახლაა ქვეყანაში.