პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გამოსწორება ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ამერიკულ მხარესთან კომუნიკაციის პრობლემა არაა და მყარი პოზიცია, რომ ურთიერთობების ასე გაგრძელების შემთხვევაში სტატუს-კვო გადაიხედება, აშშ-ის ელჩსაც გაუზიარა შეხვედრაზე.
"ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის საშუალება. თბილისში გაიმართა შეხვედრა, მათ შორის ელჩთან რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა. კომუნიკაციის პრობლემები არ გვაქვს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ გზავნილი ამერიკულ მხარეს და ეს გზავნილი მათ შორის საჯაროდაც გახდა ცნობილი. ჩვენ ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული",- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს 17 სექტემბერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
"აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს",- წერია პრესრელიზში, რომელშიც არაფერია აღნიშნული, თუ რა უთხრა ირაკლი კობახიძეს თავად აშშ-ის ელჩმა.
თავის მხრივ, ელჩმა 18 სექტემბერს, მედიასთან კომენტარში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და დასავლეთის მიმართ დეზინფორმაცია ქართველ ხალხს არ ეხმარება.