მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე ბაიდენთან ვახშამზე მიწვევის გაუქმებას ბავშვურ ნაბიჯს უწოდებს

კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მისი მიწვევის გაუქმება ბავშვური საქციელია, რომელიც აშშ-ს არ შეშვენის.

როგორც მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მიწვევაზე ათეულობით ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი იყო მიწვეული.

„რაც შეეხება გაუქმებულ მიწვევას ვახშამზე, ხელის ჩამორთმევაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი. აშშ არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს.

რაც შეეხება ამ ხელის ჩამორთმევას, ერთი რამე უნდა იცოდეს საზოგადოებამ და გამოიტანოს დასკვნები, ამ ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, რაც იყო, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. ბაიდენმა მიიწვია ათეულობით ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. იქ მიწვეული იყო 150-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, საიდანაც დაახლოებით ნახევარი არის ავტორიტარული, მათ შორის გაფორმებულად, კონსტიტუციურად ავტორიტარული. ავტორიტარულ ქვეყნებს იწვევენ და შენ გიუქმებენ მიწვევას, ამაზე საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნები.

მას შემდეგ, რაც გაუქმდა ბაიდენის ვახშამი, ერთად წავედით, მათ შორის, ბატონ დავით ზალკალიანთან ერთად და ვივახშმეთ ქართულად“,- თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე ჯო ბაიდენმა უმასპინძლა. როგორც თავდაპირველად „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. აღნიშნული მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

როგორც bm.ge-ის აშშ-ის საელჩოში განუცხადეს, გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს და ნეგატიურ რიტორიკას უკავშირდება.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მოწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო შეერთებულ შტატებსა და დასავლეთზე“, - უთხრეს bm.ge-ის აშშ-ის საელჩოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები