მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არჩევნებზე ევროკავშირის შეფასება უკვე გაკეთებულია უმაღლესი წარმომადგენლების მიერ - ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკი

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ მათი შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით უკვე გაჟღერდა და დამატებითი კომენტარი არ სურს.

დღეს, 7 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა ქვეყნის ელჩი დაიბარეს თვითმმართველობის არჩევნებსა და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

"მოწვეული ვიყავი ჩემს კოლეგა ელჩებთან ერთად. საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა ხელისუფლების შეფასება რაც მოხდა არჩევნების დროს და მას შემდეგ. არჩევნების და შემდეგი პერიოდის შეფასება უკვე გაკეთებულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების კაია კალასის და მარტა კოსის მიერ. გთხოვთ იხილეთ კვირას გაკეთებული განცხადება. ჩემი მხრივ დამატებითი კომენტარი არ მაქვს", - აცხადებს ჰერჩინსკი.

5 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის ერთობლივი განცხადება გავრცელდა საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

ევროკავშირის შეფასებით, მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციაზე თავდასხმებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა. ამას გარდა, ეუთო / ოდირის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა.

დღეს, 7 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ დასავლელი, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთი ელჩის ქმედება დიპლომატიური სტანდარტების ფარგლებს გასცდა და შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნებს შეიცავს. თუმცა ჯერჯერობით "ქართული ოცნების" მთავრობა ელჩების გაძევებას არ აპირებს.

"აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა კირცხალიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები