მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" ამბობს, რომ საჭიროა საზოგადოებას განუმარტოს, რატომ იკავებს თავს ელჩების გაძევებისგან

ოცნება

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ დასავლელი, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთი ელჩის ქმედება საქართველოში დიპლომატიური სტანდარტების ფარგლებს გასცდა და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნებს შეიცავს. აღნიშნული განცხადება კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი კარგად ხედავს საზოგადოების სამართლიანად გაზრდილ წუხილს კონკრეტული ელჩების არადიპლომატიურ ქმედებებთან დაკავშირებით, თუმცა ხელისუფლება ირჩევს „მოთმინების პოლიტიკას“ და რჩება "ევროკავშირთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში", რათა არ დააზიანოს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საკითხს, რომელმაც ჩვენს საზოგადოებაში არაერთხელ გამოიწვია ობიექტური ვნებათაღელვა. ბოლო წლებში, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში აკრედიტებული ზოგიერთი დასავლელი ელჩის ქმედებები გასცდა ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს. საუბარია შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის აშკარა ნიშნებზე.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი სახელმწიფო, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობას წლების განმავლობაში აშენებდა და ავითარებდა, შესაბამისად, "დიფ სთეითის" მართულ ევრობიუროკრატიას არ მივცემთ საშუალებას, რომ ელჩების არადიპლომატიური ქმედებების გამო, მიღწეული შედეგები, სახელმწიფოებისა და ხალხების ურთიერთობების დონეზე გააფუჭოს.

ცხადია, კონკრეტული ქვეყნის ელჩის გაძევება გამოიწვევს მთელ რიგ დიპლომატიურ სვლებს, რაც საქართველოსა და კონკრეტული ქვეყნების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება“, - განაცხადა კირცხალიამ.

"ოცნების" დეპუტატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა "დიფ სთეითის" გავლენაზე საქართველოს პოლიტიკაზე.

"შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ადრე თუ გვიან, ევროპაში „დიფ სთეითის“ გავლენა შესუსტდება, რისი ნიშნებიც მთელ რიგ ქვეყნებში და მათ მოსახლეობაში ნელ-ნელა იკვეთება, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რამეთუ მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული ვითარება დროებითია და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ელჩების, თუ ევრობიუროკრატების განცხადებებმა და ქმედებებმა ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობების დაძაბოს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მანამ, სანამ ევროპა „დიფ სთეითის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება. პარალელურად კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „დიფ სთეითის“ გავლენა არ გავრცელდეს საქართველოზე, რადგან უკვე კარგად ვიცით, რა შედეგი მოაქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის.

მიგვაჩნია, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებით მივაღწევთ იმ შედეგს, რისთვისაც ვიღწვით“,- განაცხადა კირცხალიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს, 7 ოქტომბერს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

უწყებაში ამბობენ, რომ შეხვედრის ძირითადი თემა "4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები" და არჩევნები იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები