მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ მესტვირიშვილი - მოხარულები ვართ, რომ სსფ-ის მისიამ ცალსახად დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის პოლიტიკა

645ce31595817
BM.GE
11.05.23 16:42
581
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში, შემაჯამებელი შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებებზე, საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) მეორე მიმოხილვის დასასრულებლად. ბრიფინგში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი, ჯეიმს ჯონი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი მონაწილეობდნენ.

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მისიამ ცალსახად დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის პოლიტიკა. სსფ-სთვის მისასალმებელია, ეროვნული ბანკის ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და რეზერვის გონივრული მართვა, რაც რეზერვების ადეკვატურ დონემდე გაძლიერებას მოიაზრებს. ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა, რომელიც ჩვენი მონეტარული და ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკების სისწორის საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს, ხელს უწყობს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, ინვესტორებისთვის დადებითი გზავნილია", - განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და უკვე 3 %-იან მიზნობრივ დონეზე ნაკლებია.

"სსფ ასევე მიესალმება, საბანკო სისტემის მდგრადობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მონიტორინგი და რეგულირება, კიდევ უფრო გააძლიერებს ფინანსურ სტაბილურობას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და საიმედოობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა კვლავ ძლიერია მზარდი ტურიზმის, სატრანზიტო ვაჭრობის, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე გაზრდილი ფინანსური შემოდინებების და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამო. ფინანსური სისტემა ჯანსაღია და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები კომერციულ ბანკების მიმართ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკაზე ომის უარყოფითი გავლენის შეზღუდვას ეხმარება.

არჩილ მესტვირიშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს გაწეული სამუშაოსათვის. მისი თქმით, ფონდის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ისეთ რთულ გარემოებებში, რომელიც დღეს გლობალურად დგას.

(ns)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები