მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეაფერხებს თუ არა სებ-ის კანონში ცვლილებები IMF-ის პროგრამას? - ფონდში კომენტარს არ აკეთებენ

649404e04bc04
თელარა გელანტია
22.06.23 12:29
587
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებმა, შესაძლოა თუ არა შეაფერხოს IMF-ის მიმდინარე პროგრამა საქართველოში? - ამ კითხვით BM.ge-მ ქვეყანაში სსფ-ის წარმომადგენლობას მიმართა, მაგრამ სავალუტო ფონდმა, ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

BMG-ის კითხვის ინსპირაცია ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე პარლამენტისთვის გადაგზავნილი შენიშვნებია, სადაც ეწერა, რომ ცვლილებების დამტკიცება წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმებულ პროგრამასთან. სებ-ი ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, პროგრამა შეფერხდეს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, რაც ქვეყანაში განხორციელებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების დადასტურების მნიშვნელოვანი გზავნილია, ეროვნული ბანკის მმართველობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამის შეფერხება. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების გარეშე კანონპროექტის მიღება არ შეესაბამება მასთან საქართველოს შეთანხმებას და შესაბამისად, დამატებით გასააზრებელია, რამდენად სწორია განმარტებით ბარათში მითითებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება“, - ეწერა ეროვნული ბანკის შენიშვნებში.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის და კანონში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, იგივე კითხვით („სებ-ის კანონში ცვლილებები შეაფერხებს თუ არა IMF-ის პროგრამას?“) bm.ge-მ ამ დრომდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელსაც მიმართა.

არჩილ მესტვირიშვილმა გვითხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ეს კითხვა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის დაგვესვა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პროგრამის შენარჩუნებისთვის ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას.

შეგახსენებთ, დღეს, ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა იმართება, სადაც სებ-ის მეოთხე ვიცე-პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, რომელიც პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს და შესაბამისად, დროებით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები