ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარმა ალდინა ველანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია თუ რომელი ქვეყნის ინვესტიციებს მიიღებს. ასე უპასუხა ევროკომისარმა კითხვას - უნდა განახორციელებინოს თუ არა საქართველომ ახალი პორტის პროექტი ჩინურ კომპანიას.
„ჩვენ გვაქვს ჩინური ინვესტიციები ევროპაშიც. რა თქმა უნდა, გლობალურ ბაზარზე ჩვენ კონკურენტები ვართ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა სახის ინვესტიციებს ვისგან მიიღებს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით პირობის წამოყენება არ შეგვიძლია.
საბოლოოდ, ეს საქართველოს გადასაწყვეტია ვისთან სურს ინვესტიციების გაკეთება. მე ვიცი, რომ არიან კომპანიები ევროპაში, ვისაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დიდი ინტერესები აქვთ და ვფიქრობ, იმ დროს, როდესაც მათ ექნებათ მოლაპარაკება თქვენს ხელისუფლებასთან, შესაძლოა, ალტერნატიულმა გადაწყვეტილებებმა იჩინოს თავი, თუმცა კიდევ ერთხელ, ეს საქართველოს გადასაწყვეტია და ამაზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია“, - განაცხადა ევროკომისარმა.
ევროკომისრის განცხადებით, ანაკლიის პორტი EU-სთან ვაჭრობისთვის საქართველოს ახალ სატრანსპორტო არხს გაუხსნის.
“ვფიქრობ, ანაკლიის პორტის კავშირი ევროკავშირთან უნდა განვითარდეს, რადგან ეს არის შუა დერეფნის ნაწილი. ვფიქრობ, ამ მიმართულებაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა ევროკომისარმა.
სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტის ასაშენებლად მთავრობის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში შემდეგ რაუნდზე მხოლოდ ორი კომპანია გავიდა.ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მათგან ერთია ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმი, მეორე კი შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია.
სატენდერო პირობების თანახმად, საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და საკონტროლო 51% პაკეტი მის მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სახელმწიფო ეძებს ინვესტორს, რომელიც ააშენებს პორტის ინფრასტრუქტურას, თუმცა პორტის არასაკონტროლო პაკეტის 49%-ის მფლობელი იქნება. ამასთან, მთავრობა აცხადებს, რომ ის კერძო ინვესტორის კრედიტების გარანტირებას არ აპირებს.
ახალი ინვესტორის შერჩევის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.
ამასთანავე, გრძელდება ორი საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი სახელმწიფოს წინააღმდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი ინვესტორის მხრიდან. ამ დავების ფარგლებში მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.