"ქართული ოცნების" განათლების მინისტრის გივი მიქანაძის თქმით, საჯარო სექტორში დასაქმებულები მეორე სამსახურში დასაქმებას ხელმძღვანელის ნებართვის საფუძველზე, არასამუშაო საათებში შეძლებენ. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქმე ისაა, რომ პირველი ნოემბრიდან, ძალაში შედის "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლითაც, გამონაკლისების გარდა, საჯარო სამსახურში დასაქმებულებისთვის ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება დაუშვებელი ხდება. სიახლე ვრცელდება განათლების სექტორზეც. კერძოდ, ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას, საჯარო მოსამსახურე და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირი, მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით შეძლებს, რომელსაც ერთწლიანი ვადა აქვს.
"პირველი ნოემბრიდან შედის ცვლილება შესაბამის კანონში, რომელზეც გამოიცა უკვე მთავრობის დადგენილება და ამ დადგენილების საფუძველზე არის გამონაკლისები, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტული მიმართულების წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ერთი ძირითადი სამსახურის გარდა, დამატებით სხვა სამსახურშიც იყვნენ დასაქმებული. უბრალოდ ამისთვის არის საჭირო მათი უშუალო ხელმძღვანელის თანხმობა. ჩვენთანაც, სამინისტროში, შესაბამისი მინისტრის მოადგილეები თავიანთ საკურატოროს მიხედვით კონკრეტულ თანამშრომლებს, რომლებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახორციელებენ სასწავლო პროცესს, აძლევენ ნებართვას, ოღონდ ეს ნებართვები ძირითადად ჩვენ გვაქვს გათვლილი არასამუშაო საათებთან დაკავშირებით, იმისთვის რომ სამუშაო საათების პროცესს არ შეექმნას რაიმე დაბრკოლება. შესაბამისად, ინდივიდუალურად გადასაწყვეტია ეს საკითხი. ამიტომ კანონმდებლობა ამ კუთხით შეზღუდვას არ აწესებს, უბრალოდ იძლევა ამის შესაძლებლობას, თუმცა ეს უნდა იყოს განხილული და შეთანხმებული ხელმძღვანელობასთან",- ამბობს მინისტრი.
რაც შეეხება მასწავლებლების ორ სკოლაში დასაქმებას, გივი მიქანაძე განმარტავს, რომ მათაც ხელმძღვანელის ნებართვა დასჭირდებათ, საკითხი კი ინდივიდუალურად გადაწყდება.
"ჩვენ ვართ უპირველეს ყოვლისა ხარისხზე ორიენტირებული. თუნდაც ავიღოთ ის კონცეფცია, რომელიც წარმოვადგინეთ უმაღლესებთან მიმართებაში. ჩვენი მიზანი არის, რომ პროფესორ-მასწავლებლები ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტთან იყვნენ დაკავშირებული, იმისთვის რომ მათი საქმიანობა კონცენტრირებული იყოს და ხარისხი გაიზარდოს. ანალოგიურად, როდესაც ეს ეხება კონკრეტულ პროფესიებს, სადაც ერთ ადამიანს სურს, რომ რამდენიმე ადგილას იყოს განაწილებული, ეს კანონმდებლობით შეიზღუდა, თუმცა სწორედ დადგენილებით მიეცა საშუალება კონკრეტულ პირებს, თუკი ეს მათ თავისი ფუნქციის სრულფასოვან შესრულებაში არ უშლის ხელს, აქ დაბრკოლება არ და ვერ იქნება და შესაბამისად, ეს არის ინდივიდუალური საკითხი. თუ მასწავლებელი თავის ფუნქციებს ასრულებს სრულფასოვნად და მაგალითად პირველ ცვლაში არის ერთ სკოლაში და მეორე ცვლაში არის მეორე სკოლაში, შესაბამისად, აქ დაბრკოლება არ და ვერ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ უშლის და არ ხდება გადაფარვა იმ სამუშაო დროისა, რომელსაც ეს ადამიანი უძღვნის. სწორედ ამიტომ იქნა ცალკე სამთავრობო დადგენილება გამოცემული, რომელიც იძლევა ამ გამონაკლისების დაშვების შესაძლებლობას",- ამბობს მინისტრი.
საჯარო მოხელეები ორგან მუშაობას ვეღარ შეძლებენ - როგორ შეეხება ცვლილება მასწავლებლებს?




























