მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არის საქმეები, როცა ძველი მესაკუთრე ფართს არ ტოვებს, ახალ მესაკუთრეს კი მხოლოდ სასამართლოში დავის გზა რჩება“ - იურისტი

ნინო ლიპარტია

იუსტიციის სამინისტრო ცვლილებების პროექტზე მუშაობს, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ იჯარა/ქირავნობის ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ამ შემთხვევაში აღმასრულებელი არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ აღსრულების ეროვნული ბიურო იქნება.

იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა, როცა განსაკუთრებით გაზრდილი მიგრაციის ფონზე გამწვავდა პრობლემა, როცა დამქირავებლები ფართის მესაკუთრეებს თანხას არ უხდიდნენ და არც ფართს ტოვებდნენ. bm.ge-ს აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, რომ პროექტზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია, ის მხოლოდ იჯარა/ქირავნობის ხელშეკრულებას შეეხება და დოკუმენტს რატი ბრეგაძის უწყება პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარუდგენს.

სამინისტროს ინიციატივის თანახმად, იჯარა/ქირავნობის ხელშეკრულებაში შესაძლებელი იქნება ახალი მუხლის გაჩენა, სადაც მითითებულია, რომ ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სასამართლოს გარეშე, მოახდინოს უძრავ ქონებაში მყოფთა გამოყვანის აღსრულება. თუ ეს პროექტი კანონის სახეს მიიღებს, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ თუკი დამქირავებელი არ შეასრულებს ვალდებულებას და არ გადაიხდის თანხას, მისი გამოსახლებას განახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებული. იურისტები სამინისტროს ამ ინიციატივას დადებითაც აფასებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ მიდგომა მხოლოდ იჯარა/ქირავნობის ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს.

ვთვლი, რომ ეს ინიციატივა უნდა შეეხოს არასახელშეკრულებო ურთიერთობებსაც. მაგალითად, როცა საჯარო აუქციონზე ვიყიდე უძრავი ნივთი, იქ მისი ყოფილი მესაკუთრე ცხოვრობს და მე მინდა ნივთი, რომელიც საჯარო აუქციონზე ვიყიდე, დროულად დავიბრუნო მფლობელობაში. ასობით საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო წარმოება, რომელიც ეხება არამხოლოდ იჯარა/ქირავნობას, არამედ როცა ძველი მესაკუთრე არ ტოვებს ნივთს. ასეთ დროს ახლანდელ მესაკუთრეს დარჩენილი აქვს ერთადერთი გზა, მიმართოს სასამართლოს“,- აცხადებს გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში იურისტი ნინო ლიპარტია.

ის თვლის, რომ იუსტიციის სამინისტროს შემოთავაზებული მექანიზმი პირველ ეტაპზე გამოყენებადი უფრო მეტად არა ფიზიკური პირების, არამედ ბიზნესების მხრიდან უფრო იქნება.

„ჩემი სუბიექტური აზრით, პირველ ეტაპზე ეს იქნება გამოყენებადი მექანიზმი ძირითადად ბიზნეს სუბიექტების ხელში. როცა ურთიერთობაში გვყავს ერთი ბიზნეს სუბიექტი ანუ იურიდიული პირი და ქირავნობის თუ იჯარის ხელშეკრულება არის ერთ წელზე მეტის, პირდაპირ არის კანონში ჩანაწერი, რომ ეს ურთიერთობა უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში.

მიმაჩნია, რომ ფიზიკური პირების შემთხვევაში ხშირად გამოყენებული მექანიზმი არ იქნება. საჭირო იქნება ცნობიერების ამაღლება. სამწუხაროდ დღეს ბაზარზე ფიზიკურ პირთა შორის ქირავნობის ხელშეკრულების აბსოლუტური უმრავლესობა ფორმდება იურისტის ჩართულობის გარეშე. ჩემი აზრით, ეს არის იმის წინაპირობა, რომ ეს მექანიზმი არ იქნება გამოყენებადი“,- აცხადებს ნინო ლიპარტია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები