მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასობით მიმდინარე საქმე და გადატვირთული სასამართლოები - რა შედეგი აქვს ე.წ საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას?

ჩაქუჩი

ასეულობით საქმე სასამართლოებში და დაზარალებული მოქალაქეები, რომლებიც საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან არაკეთილსინდისიერ მოქირავნე თუ მოიჯარე პირებს ვერ ასახლებენ. მას შემდეგ, რაც 2015 წელს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ე.წ საპოლიციო გამოსახლება გაუქმდა, უძრავი ქონების მესაკუთრეებს ასეთ დროს ერთადერთი ბერკეტი აქვთ, სასამართლოში წავიდნენ და იდავონ.

როგორც იურისტები ამბობენ, საპოლიციო გამოსახლების გაუქმების შემდეგ ამ ტიპის დავებმა სრულად გადაინაცვლა სასამართლოში. გადატვირთული სასამართლოს პირობებში კი ამ საქმეების განხილვა დადგენილ ვადებში ვერ ხდება, შესაბამისად მოქალაქეები საკუთარი უძრავი ქონებით სარგებლობას წლებია ვერ ახერხებენ.

გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში ადვოკატი ნინო ლიპარტია აცხადებს, რომ იურისტების პორტფელში ასეთი ასობით საქმეა, როცა დამქირავებელი მესაკუთრეს კუთვნილ თანხას არ უხდის და არც ფართს ტოვებს.

„ე.წ საპოლიციო გამოსახლების გაუქმებამ მოიტანა გადატვირთული სასამართლოები. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა რეგიონებში. ხშირ შემთხვევაში წლობით ჭიანურდება საქმეების განხილვა. სასამართლოს ყველა ინსტანციის გავლას შეიძლება 1,6,-2-3 წელი დასჭირდეს. ამის შემდეგ არის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ამ ნაწილშიც იყო პრობლემები, კოვიდის პერიოდში მორატორიუმი ჰქონდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამოცხადებული, აღსრულების პოლიცია არ ახდენდა გამოსახლების პროცედურის აღსრულებას, შესაბამისად ეს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა იმ პირებს, რომლებსაც საკუთრებაში ჰქონდათ ნივთი და სხვადასხვა მიზეზის გამო გაჭიანურებული სასამართლოს, აღსრულებაზე მორატორიუმით თუ ა.შ მიზეზით ხელი ეშლებოდა ნივთის მფლობელობაში დაბრუნებას.

ჩემი და ჩემი კოლეგების პორტფელში ასობით საქმეა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგალითზე რომ ავიღოთ, ასობით საქმე განიხილება სწორედ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებით. ეს ეხება საკუთრების მფლობელობის აღდგენას, როცა მფლობელობა გადაცემულია მაგალითად ქირავნობის ხელშეკრულებით, იჯარის ხელშეკრულებით, ან სხვა ტიპის ურთიერთობის საფუძველზე სხვა პირზე და ის არ უბრუნებს ნივთზე მფლობელობას“,- აცხადებს ნინო ლიპარტია.

მისი თქმით, პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა გასულ წელს, როცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მიგრანტების დიდი ნაკადი მოაწყდა.

„ეს პრობლემა 2015 წლიდან იყო, თუმცა სამწუხაროდ არ იყო აღქმული კარგად მისი სიმწვავე. ამ თემის წინ წამოწევა მიგრაციის ტალღის გაზრდამ განაპირობა. პროცესი გართულდა, როცა მიგრანტებმა ქირავნობის ხელშეკრულებები დადეს საქართველოს მოქალაქეებთან, თუმცა სხვადასხვა მიზეზით შეწყდა და შეწყვეტის საფუძველი იყო უმეტესად ქირის გადაუხდელობა ანუ ხელშეკრულება შეწყვეტილია, მაგრამ ნივთი გადაცემულია, რომელიც არ ტოვებს მფლობელობის უფლებას. ამ ფაქტებმა დაანახა მთელი სიმწვავით პრობლემა მედიას, რაზედაც იურისტები 2015 წლიდან ვსაუბრობდით“,-აცხადებს ლიპარტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები