მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეიძლება, ორი კურდღლის დაჭერა ხდება“ - ინტერვიუ "საპოლიციო გამოსახლების“ ნაწილობრივ დაბრუნებაზე

უძრავი ქონების ასოციაცია

"საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის" პრეზიდენტი ვაჟა მებაღიშვილი დადებითად აფასებს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომლის თანახმად, იჯარა/ქირავნობის ხელშეკრულებაში შესაძლებელი იქნება, ახალი მუხლის გაჩენა, სადაც მიეთითება, რომ ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სასამართლოს გარეშე, მოახდინოს უძრავ ქონებაში მყოფთა გამოყვანის აღსრულება.

საქმე ის არის, რომ საქართველოს პარლამენტმა ე.წ. საპოლიციო გამოსახლების მექანიზმი 2015 წელს გააუქმა და შედეგად, აღსრულება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, რასაც ხშირ შემთხვევაში ერთ წელზე მეტიც სჭირდება.

“საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ ზუსტად ერთი წლის წინ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, ე.წ. საპოლიციო წესის დაუყოვნებლივ აღდგენა უძრავი ქონების კანონიერი მესაკუთრეების უფლებების დაცვის მიზნით, ვინაიდან რუსეთ-უკრაინის ომის გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიგრაციამ გასაქირავებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა - გახშირდნენ ურჩი გადამხდელები, რომლებიც არც ქირას უხდიდნენ ბინის მესაკუთრეს და არც ბინას ცლიდნენ. უძრავი ქონების მფლობელს კი საშუალება არ ჰქონდა, კანონდამრღვევი მდგმური თუ მოიჯარე, პოლიციის დახმარებით, მყისიერად გამოესახლებინა.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ამ თემაზე საუბრისას ვაჟა მებაღიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა მომავალში არა მხოლოდ იჯარა-ქირავნობას, არამედ სხვა ტიპის გარიგებებსაც შეეხება.

- უძრავი ქონების სპეციალისტები და ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიები ყოველთვის ცდილობენ აუხსნან ქონების მესაკუთრეებს, რატომ არის საჭირო იჯარა-ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება და რისგან იცავს ის მათ; ეს საკითხი ყოველთვის იყო ბურუსით მოცული, რადგან ქონების მესაკუთრეებს მოტივაცია სჭირდებათ იმისთვის, რომ სახელმწიფოს აჩვენოს შემოსავალი და გადაიხადოს გადასახადი. ზოგ შემთხვევაში, ქონების მფლობელი ინფორმირებულიც არაა, რომ თუ ჩვენ არ გადავიხდით გადასახადებს, ქვეყნის ხაზინაში ფული არ შევა. ვფიქრობ, გადასახადების გადახდას გაგებით უნდა მივუდგეთ; ჩვენ უნდა ვიყოთ კეთილსინდისიერი გადამხდელები. მესმის, რომ შეიძლება, ამ ეტაპზე არაპოპულარულია და არ გვესმის, თუ აქამდე არ ვარეგისტრირებდით ხელშეკრულებას და შესაბამისად, უძრავი ქონების გაქირავებიდან არ ვიხდიდით საშემოსავლო გადასახადს, ახლა რატომ უნდა გადავიხადოთ, მაგრამ ეს საჭიროა ისევ ჩვენი საკუთრების უფლებების დაცვისთვის. საკუთარ უძრავ ქონებაში რომ უცხო ადამიანს უშვებ, შეიძლება, ხელის ჩამორთმევით გადასცე სახლის გასაღები?! ეს არის მავნე ჩვევა და ახალი ინიციატივა თუ ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გაზრდას და მავნე პრაქტიკის შეცვლას, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ძალიან კარგია. განვითარებულ ქვეყნებში ადამიანებმა იციან, რომ გადასახადები უნდა გადაიხადონ. აქედან გამომდინარე, ჩვენც, პროფესიონალებს უფრო გაგვიადვილდება, ავუხსნათ და დავუსაბუთოთ უძრავი ქონების მესაკუთრეებს, რატომ არის აუცილებელი ხელშეკრულების გაფორმება და გადასახადის გადახდა. იმედია, ეს დასაწყისია და შემდეგი კანონპროექტი თუ რეგულაცია, კიდევ უფრო მეტად იქნება დატვირთული და საპოლიციო გამოსახლების წესზე როცა ვსაუბრობთ, ის შეეხება სხვა ტიპის გარიგებებსაც და უფრო კომფორტული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის.

- თქვენი აზრით, იუსტიციის სამინისტროს მიზანია, იზრუნოს საკუთრების უფლების დაცვაზე თუ ახალი მექანიზმის გზით ცდილობენ, გადასახადების გადახდას მიაჩვიონ ბინის გამქირავებლები - საჯარო რეესტრში იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულების დარეგისტრირების შემდეგ, სახელმწიფოს ექნება ინფორმაცია, რომ ის აქირავებს უძრავ ქონებას და საშემოსავლო გადასახადის სახით 5% უნდა გადაიხადოს...

- მსურს, უფრო ღრმად შევხედოთ ამ საკითხს - ავიღოთ მოცემულობა, როცა მოქალაქემ გაქირავების მიზნით, იპოთეკური სესხის დახმარებით, იყიდა უძრავი ქონება; შემდეგ გააქირავა ბინა, მაგრამ გამქირავებელი აღმოჩნდა ურჩი და არ უხდის ქირის ფულს და არც სახლს ტოვებს. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მძიმე მდგომარეობაშია ეს ადამიანი - მას უწევს მთელი წელი სდიოს ურჩ გადამხდელს, შემდეგ მიდის სასამართლოში, რათა სასამართლოს ძალით გამოასახლოს ის საკუთარი ქონებიდან; პროცესი ხშირად იწელება და ამასობაში, შეიძლება, ეს ბინა საერთოდაც დაკარგოს და ბანკიდან აღებული ვალდებულების მომსახურება ჯოჯოხეთად გადაექცეს. მოკლედ, საკმაოდ რთული ვითარება იქმნებოდა და ამიტომაც, ვფიქრობთ უღირთ <ეს სერვისი> და სახელმწიფოსაც თავისი ინტერესი აქვს - გარდა იმისა, რომ მოქალაქები ჰყავდეს ბედნიერი, ასევე გადასახადების სახით შემოსავლები უნდა მიიღოს მოქალაქეებისგან და ეს ერთი მეორეს ხელს არ უშლის. საბოლოო ჯამში, შეიძლება, ერთდროულად, ორი კურდღის დაჭერა ხდება და ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ.

- მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა კანონად იქცევა და აღსრულების ბიურო ახალ სერვიის დაამატებს, ის ფასიანი იქნება. ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც, ეს სერვისი პოპულარული იქნება?

- ეს უკვე დამოკიდებულია როგორც მოქალაქეებზე, ისე ჩვენზეც - უძრავი ქონების დარგის სპეციალისტებზეც. მოგეხსენებათ, უძრავი ქონების სფერო, საბროკერო ბიზნესი ძალიან აქტიურად არის ჩართული ბინის გაქირავება-გაყიდვის პროცესებში და შესაბამისად, უკვე ჩვენს პროფესიონალებზეც არის დამოკიდებული, ამ ინფორმაციას როგორ მიიტანენ უძრავი ქონების მფლობელებთან.

- აღსრულების ბიუროს ახალი სერვისი გარდა იჯარა-ქირავნობის ხელშეკრულებისა, უნდა გავრცელდეს თუ არა სხვა ტიპის გარიგებებზეც - მაგალითად, ფიზიკურ პირებს შორის ნასყიდობაზე ან როცა იპოთეკური სესხით ყიდულობს პირი ბინას, მაგრამ შემდეგ ვერ ემსახურება ამ ვალდებულებას...

- თავს უფლებას არ მივცემ, ასე სიღრმისეულად შევიდე ამ საკითხის შეფასებაში; ალბათ უფრო უპრიანი იქნება, ამ თემაზე იმსჯელონ იურისტებმა; ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები