იურიდიული კომპანია BLB-ის უფროსი პარტნიორის მაია მწარიაშვილის შეფასებით, საერთაშორისო არბიტრაჟებში, სახელმწიფოს წინააღმდეგ 12 მიმდინარე საინვესტიციო დავა „ცოტა არ არის“ და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს დადებითად არ ახასიათებს. ამის შესახებ მან გადაცემა „წერტილში“, საარბიტრაჟო დავების შესახებ, BMG-ის მიერ იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემების ანალიზის დროს განაცხადა.
12 საინვესტიციო საარბიტრაჟო დავა საქართველოს წინააღმდეგ - ვინ გვიჩივლა?
იუსტიციის სამინისტროდან მიღებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2014-2023 წლებში, ჯამურად, საარბიტრაჟო დავებში უცხოური იურიდიული ფირმების დაქირავებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 249 მლნ ლარია დახარჯული. მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი, 65 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამასთან, რატი ბრეგაძის უწყების ინფორმაციით, ბოლო 10 წელიწადში საქართველოს წაგებით მხოლოდ ერთი საინვესტიციო საარბიტრაჟო დავა დასრულდა - „Gardabani Holdings B.V. და Silk Road Holdings B.V. საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც ქართულ მხარეს დაეკისრა 76 მილიონი აშშ დოლარის გადახდა. თუმცა, მოცემულ საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი პროცედურები არ დასრულებულა. ანულირების პროცესის ფარგლებში გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია და, შესაბამისად, ქართულ მხარეს მოსარჩელეებისთვის ამ ეტაპზე რაიმე სახის თანხა არ გადაუხდია.
მაია მწარიაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფოსთვის ხარჯია წაგებული დავები, არამედ - მორიგებით დასრულებულიც, ვინაიდან მორიგებით მაშინ სრულდება დავა, როდესაც სახელმწიფო თანხმდება, რომ გარკვეული კომპენსაცია გადაიხადოს.
იურიდიული კომპანია BLB-ის უფროსმა პარტნიორმა „წერტილთან“ ინტერვიუში აქცენტი გააკეთა ჩინოვნიკების და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების თუ ქმედებების გამო სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზებზეც. მაია მწარიაშვილის განმარტებით, ამის საშუალებას იძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის) პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, "თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
- ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვებით ინვესტორზე, რომლის ინტერესებსაც იცავს BLB და დიდი შანსია, ეს საქმეც სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავების სიას დაემატოს. მოკლედ, ინვესტორმა ქალაქში, სტრატეგიულ ადგილას დიდი მიწის ნაკვეთი შეიძინა კერძო პირისგან. 2013 წელს ამ მიწის ნაკვეთზე დაიწყო გამოძიება, დიდი ეჭვი მაქვს, რომ არამართლზომიერი მიზეზით და რადგან ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ამ დრომდე პასუხისგებაში არავინაა მიცემული. გამოძიების დაწყების მთავარი არსი ის იყო, რომ ამ მიწაზე პროკურატურას ყადაღა მოეთხოვა და დაედო. 2024 წელი დაიწყო და პროკურატურამ ყადაღა კიდევ გააგრძელა, თუმცა მოქმედი კანონით მხოლოდ წლის ბოლომდე აქვს ამის უფლება. ამ დროის განმავლობაში ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა; მთელი ამ საქმის ამოცანაა, ინვესტორი იყოს შეზღუდული იყოს ამ ქონების თავისუფლად განკარგვა-გამოყენებაში. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ტერიტორიას ზონირება შუეცვალეს.
- საგამოძიებო პროცესის ამდენი წლით გაჭიანურების მიზეზი ის არის, რომ ინვესტორმა თავად დათმოს ეს ქონება?
- რასაკვირველია... საბოლოო ამოცანა ალბათ ეს არის. ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ ამ საგამოძიებო სტრუქტურების წარმომადგენლებს, რატომ ქმნიან ახალ საარბიტრაჟო სარჩელს...
- რა პასუხი აქვთ?
- არ აინტერესებთ... იმ კონკრეტულ პროკურორს არ აინტერესებს, რადგან იცის, რომ უბრალოდ, უნდა გააგრძელოს ქონებაზე დადებული ყადაღა; არც საქმის მოსამართლეა დაინტერესებული...
- ჩინოვნიკების თუ მოსამართლეების ასეთი ქცევა და საქმისადმი დამოკიდებულება კი იმით აიხსნება, რომ მათ იციან, თავად არ მოუწევთ პასუხისგება თუნდაც ინვესტორმა საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლოს სახელმწიფოს და მოუგოს?
- რასაკვირველია...
- როგორ შეიძლება კანონის ძალით გავზარდოთ თანამდებობის პირებში, გადაწყვეტილებების მიმღებ პირებში საქმისადმი პასუხისმგებლობიანი მიდგომის ხარისხი?
- საკანონმდებლო ცვლილება ამ მხრივ საჭირო არაა, რადგან ისედაც გვაქვს... ჩვენი სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი პუნქტი, რის საშუალებას გვაძლევს ეს - როდესაც სახელმწიფო ორგანოს და/ამ თანამდებობის პირების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ვითხოვთ და სასამართლო დააკისრებს სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურებას, შემდეგ სახელმწიფოს ამავე მუხლით აქვს უფლება, რეგრესის წესით პასუხის მოსთხოვოს იმ ჩინოვნიკებს ვის ქმედებათა გამო, სახელმწიფომ აგო პასუხი; 30 წელზე მეტია ამ ქვეყანაში იურიდიულ პრაქტიკას ვეწევი და არ მახსოვს პრეცედენტი, რომ სახელმწიფოს რომელიმე მაღალი ან საშუალო რგოლის ჩინოვნიკისთვის პასუხი მოეთხოვა
- რატომ?
- პასუხი მარტივია - ჯერჯერობით, არცერთ ეტაპზე ჩვენ ისეთი სახელმწიფო არ შეგვიქმნია, რომელსაც მსგავსი პრეცედენტი აწყობს. მაგალითად: უკანონო მსჯავრდებების თემა - ხომ ვიცით, რამდენის ასეთი საქმეა აკიდებული წინა მთავრობის დროინდელი პროკურატურისთვის, რომ <ზურაბ> ადეიშვილის და ა.შ. სხვების დაველებით ვიღაცეები უკანონოდ მისცეს პასუხისგებაში; შემდეგ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, ეს ადამიანები წავიდნენ სასამართლოში და მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება, რომელიც სახელმწიფომ გარკვეულწილად დაუკმაყოფილა, მაგრამ მერე სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს, პირობითად, ადეიშვილს, მის მოადგილეს, საქმის პროკურორს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის გამო პასუხი. ასე იქმნება თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის სტანდარტი - მათ შორის მინისტრების, პრემიერების... მთელი არსი ისაა, რომ მე - სახელმწიფო პასუხს რომ ვაგებ ჩემი ჩინოვნიკების უაკნონო ქმედებებისთვის, შემდეგ მე - სახელმწიფო შენგანაც (ჩინოვნიკისგან) უნდა ვითხოვდეს პასუხს.
- მოკლედ, აღსრულების პოლიტიკური ნება რომ იყოს, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის ამის საშუალებას იძლევა...
- დიახ. სამწუხაროდ, მსგავსი პრეცედენტი არ შექმნილა.