მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არის სასაცილო პუნქტებიც" – რესტორნების ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი ახალ წესებზე

5ed248febb8ee
თამთა ჯიჯავაძე
30.05.20 18:13
2143
რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცეპრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებში ცალკეულ პუნქტებს სასაცილოს უწოდებს.

შოთა ბურჯანაძის თქმით, ამ რეგულაციებში არის რიგი საკითხები, რომლებიც შეიძლება სადავო იყოს და შაბლონად აღიქმებოდეს, იმიტომ რომ გადმოწერილია სხვა ქვეყნის რეგულაციებიდან. თუმცა, მისივე მოსაზრებით, დღეს ჯობია მათ მივყვეთ და გარკვეული პერიოდის შემდეგ ნელ-ნელა გავთავისუფლდებით ამისგან.

„არის სასაცილო პუნქტები, მაგალითად 65 გრადუს წყალზე რეცხვა. ამ ტემპერატურაზე შეიძლება ხელი დაგეწვას ადამიანს, ამ ტემპერატურაზე შეიძლება გარეცხოს ჭურჭლის სარეცხის მანქანამ და არა ჭურჭლის მრეცხავმა. ვფიქრობ ეს პირდაპირ გადმოღებულია.

არის კიდევ მაგალითად მარკირება მაგიდებს შორის, რომ მომხმარებელმა განსაზღვროს დისტანცია. ხომ არ უნდა დავხაზოთ კაფე-ბარები და რესტორნები ისე რომ საავადმყოფოს დაემსგავსოს? კაფე-ბარში ადამიანი მიდის არამხოლოდ საჭმელად, არამედ ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად. ყველაფრის გადაქცევა ისე, რომ სულ მუდამ იფიქრო პანდემიაზე, არ არის კარგი. პირიქით უნდა ვეცადოთ, რომ პანდემია უკანა პლანზე გადავწიოთ და ყოველ წამს არ გვახსენდებოდეს ნეგატივში“, – აღნიშნა რესტორნების ასოციაციის ვიცეპრეზიდენტმა bm.ge-სთან ინტერვიუში.

როგორც რეკომენდაციებში წერია, ჭურჭელი უნდა გაირეცხოს არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში; შემდეგ გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში; და გაივლოს არანაკლებ 65⁰C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით.

ასევე, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.

საერთო ჯამში შოთა ბურჯანაძე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს რესტორნებისთვის შემუშავებული რეგულაციები მსოფლიოში არსებულ რეგულაციებთან შედარებით, ყველაზე რბილად გამოიყურება, – „ბევრი ქვეყანაა, სადაც მხოლოდ ორი ადამიანისთვისა დაშვებული მაგიდასთან დაჯდომა, სამი მეტრია მაგიდებს შორის და ორი მეტრი სკამებს შორის დისტანცია და ა.შ“, – განაცხადა მან.

შოთა ბურჯანაძე ასევე დადებითად აფასებს რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომლის მიხედვითაც, ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყოფილი უნდა წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით (წინასწარი ჩაწერით მომსახურებით):

„ეს დადებითად უნდა აღვიქვათ როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მიმწოდებლისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თქვენ წინასწარ შეგირჩიოთ ადგილი, სადაც შესაძლებელია დაჯდომა, რათა არ იყოს გაურკვევლობა. იმ შემთხვევაში თუ გადატვირთულია რესტორანი, არ მოუწიოს ადამიანს ტყუილად მოსვლა. ეს თემა ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა ვითარდებოდა, რესტორანი იყო დაჯავშნით და არა გავლით, ეს შემთხვევა ჩვენ შეგვიძლია დადებითად გამოვიყენოთ“.

ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მე-17 დანართშია გაწერილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები