იტალიური კომპანია Ariston-ი რუსეთის ბაზარზე ბრუნდება. კერძოდ, რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იტალიური კომპანიისთვის მისი რუსული შვილობილის - Ariston Thermo Rus-ის აქტივების მართვის უფლება გადაეცა.
„ჩვენ მივესალმებით რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას დავუბრუნდეთ ჩვენი სუბსიდიარის მართვას“, - განაცხადა Ariston Group-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, პაოლო მერლონიმ.
აღსანიშნავია, რომ Ariston-ის რუსული შვილობილი კომპანია დროებით მმართველობაში ჰქონდა რუსეთის სახელმწიფო კომპანია Gazprom-ის ჯგუფში შემავალ Gazprom Bytovie Sistemy-ს. Ariston Termo Rus 2002 წელს ლენინგრადის რეგიონში დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის წარმოება. რუსული მედიის ცნობით, 2023 წელს Ariston Termo Rus-ის შემოსავალმა 9,4 მილიარდი რუბლი (111,8 მლნ დოლარი) შეადგინა.
თებერვლის დასაწყისში რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უცხოური კომპანიები იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ხელისუფლება არამეგობრულად მიიჩნევს, რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას მხოლოდ უცხოური ინვესტიციების სამთავრობო უწყების ნებართვის შემდეგ შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპი ამერიკის პრეზიდენტად დაბრუნდა, რუსეთსა და აშშ-ის შორის კავშირების გაუმჯობესების განცდა გაჩნდა, რამაც დასავლური ბიზნესების რუსეთში პოტენციურად დაბრუნების მოლოდინი გააჩინა. თუმცა, გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსულ ბაზარზე ნებისმიერი კომპანიის დაბრუნება მკაცრი პირობებით მოხდება. ამასთან, პუტინმა გააფრთხილა უცხოური ბიზნესები, რომ მათ არ დართავენ ნებას რუსული აქტივები დაბალ ფასად ხელახლა იყიდონ.
ცნობისთვის, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პროტესტის ნიშნად რუსეთი ასობით დასავლურმა კომპანიამ დატოვა. ახლა კი მათ შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ, თუმცა როგორც „როიტერსი“ წერს, ეს ნაკლებად სავარაუდოა იმ ფონზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები კვლავ მოქმედებს.
რუსული ბაზარი ამ სამ წელიწადში დატოვეს ისეთმა გიგანტმა კომპანიებმა, როგორიცაა, McDonald's-ი, Mercedes-Benz-ი, Danone, Carlsberg-ი, Starbucks-ი, და სხვა. „როიტერსის“ ანალიტიკის მიხედვით, დასავლურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზრის დატოვებით 107 მლრდ დოლარის ზარალი ნახეს, თუმცა რუსეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევის თქმით, ამერიკული კომპანიები რუსეთიდან გასვლის გამო 324 მლრდ დოლარით დაზარალდნენ.
რუსეთში ცალკეული დასავლური კომპანიები ადგილობრივმა „იმიტაციებმა“ ჩაანაცვლეს მათ შორის მაგალითად, McDonald's-ი, რომელსაც რუსეთში 800-ზე მეტი რესტორანი ჰქონდა, ახლა Vkusno & tochka-ს ბრენდით ჩანაცვლდა. Starbucks-ი კი Stars Coffee-ით და ა.შ.