მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Arm-ის მიერ ახალი ჩიპის წარდგენის ფონზე, კომპანიის აქციები 16%-ით გაიზარდა

AGI CPU

ბრიტანული ტექნოლოგიური გიგანტის, Arm Holdings-ის აქციების ფასი ბოლო ერთ დღეში 16%-ით გაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, რენე ჰაასმა სან-ფრანცისკოში გამართულ ღონისძიებაზე შიდა წარმოების პირველი პროცესორი, AGI CPU წარადგინა და განაცხადა, რომ მათი ახალი მოწყობილობა 2031 წლისთვის კომპანიას წლიურად $15 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს.

სიცხადისთვის, საუბარია ჩიპზე, რომელიც სპეციალურად მონაცემთა ცენტრებში ხელოვნური ინტელექტის ოპერაციებისთვისაა შექმნილი. აღსანიშნავია, რომ ეს პროგნოზი ექვსჯერ აღემატება 2025 წელს მიღებულ $4 მილიარდი დოლარის შემოსავალს. როგორც ირკვევა, ინვესტორების დადებითი განწყობა და კომპანიის აქციების მკვეთრი ზრდა სწორედ ამან განაპირობა.

CitiGroup-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნული ნაბიჯი კომპანიის ისტორიაში „ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად“ უკვე შეაფასეს. შეგახსენებთ, ათწლეულების განმავლობაში Arm-ი მხოლოდ საკუთარი ტექნოლოგიების ლიცენზირებით იყო დაკავებული, თუმცა საკუთარი ჩიპის წარმოებით ის პირდაპირ კონკურენციაში შევიდა ისეთ კლიენტებთან, როგორებიც Amazon-ი, Microsoft-ი და Google-ი. კომპანიის აქციების გაზრდა იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ახალი პროდუქტის პირველ ოფიციალურ მომხმარებლებს შორის უკვე ამერიკული ტექ-გიგანტი Meta და ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპი OpenAI დასახელდნენ. იმის ფონზე, რომ მარკ ცუკერბერგის კომპანია წელს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში $135 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, Arm-ში მოელიან, რომ ტექ-გიგანტი ფინანსურ რესურსს მათ ახალ ჩიპებზე არ დაიშურებს.

Arm-ის ფინანსური დირექტორის, ჯეისონ ჩაილდის განცხადებით, ახალი ჩიპი დაახლოებით 50%-იანი მოგების მარჟით გაიყიდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის კომპანიის საერთო მოგებიანობას. აღსანიშნავია, რომ Arm-ის წარმატებამ დადებითი გავლენა იქონია სექტორის სხვა მოთამაშეებზე: Nvidia-ზე, AMD-სა და Intel-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები