ფოლადის ბაზარზე არსებული ვითარება კომპანია "ჯეოსთილის" ფინანსურ მაჩვენებელებზეც აისახა.
კომპანიამ 6 თვის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, შემოსავალი და მოგება შემცირებულია.
2023 წლის 6 თვეში "ჯეოსთილმა" 134.1 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 60.2 მლნ ლარით, ანუ 31%-ით შემცირებული მაჩვენებელია. წმინდა მოგება კი, 2.7-ჯერ 11.3 მლნ ლარამდე შემცირდა.
"ჯეოსთილი" წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ფოლადის მწარმოებელ კომპანიას საქართველოში. კომპანიის ძირითად საქმიანობას არმატურის წარმოებაა. წარმოებული არმატურის ძირითადი ბაზარი საქართველო და მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი და თურქეთი, ასევე თურქმენეთი.
კომპანიის მეჯეჯმენტის ფინანსურ ანგარიშში წერს, რომ 2023 წლის პირველმა ნახევარმა აჩვენა შიდა ბაზარზე არმატურაზე დაბალი მოთხოვნა. ამასთან, არმატურის ფასები შემცირდა 2022 წლის ბოლოსთან შედარებითაც.
კომპანიამ გასულ წელს 353.99 მლნ ლარის პროდუქცია გაყიდა, მათ შორის, 37.1 მლნ ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი იყო. 2023 წლის იანვარ- ივნისის მონაცემებით, ექსპორტზე მხოლოდ 3.3 მლნ ლარის პროდუქციაა გატანილი.