არმატურისა და უნაკერო მილების მწარმოებელი კომპანია "რუსთავის ფოლადის" დირექტორის, იგორ კორიტკოს განცხადებით, არმატურის იმპორტის დაბეგვრის გარეშე, ქართველი მწარმოებლებისთვის ძნელი იქნებოდა გადარჩენა. როგორც მან BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ამ პროდუქციის დაბეგვრა სწორი გადაწყვეტილება იყო.
ცნობისთვის, არმატურის იმპორტის დაბეგვრის ვადა გახანგრძლივდა. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 1 ტონაზე 420 ლარის ოდენობის ტარიფი 2026 წლის 1 მარტამდე იმოქმედებს. არმატურის იმპორტის დაბეგვრა 25 იანვრიდან დაიწყო და თავდაპირველად, ძალაში 2025 წლის 1 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა 27 აგვისტოს გამოიცა დადგენილება, რომელმაც ეს ვადა გაახანგრძლივა.
იგორ კორიტკოს თქმით, მსგავსი სპეციალური ზომები მიმართულია იმ იმპორტიორების წინააღმდეგ, რომლებიც არასაბაზრო პირობებში ოპერირებენ.
მისი თქმით, იმპორტირებული არმატურის დაბეგვრის გარეშე ქართველი მწარმოებლებისთვის ოპერირება რთული იქნებოდა.
„არმატურის იმპორტზე სპეციალური ზომების დაწესება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს მთავრობის მხრიდან, რადგან ჩვენ სამართლიანი კონკურენციის მომხრე ვართ. სამართლიანი კონკურენცია ნიშნავს, რომ ყველა მწარმოებელი ღია ბაზარზე ოპერირებს და მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავე პირობებშია. როგორც იცით, საქართველო ღია საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ კონკურენცია მწარმოებლებს იმავე გარემოდან, იმავე ღია საბაზრო გარემოდან. ხოლო ეს სპეციალური ზომები მიმართულია იმ მწარმოებლების წინააღმდეგ, რომლებიც არასაბაზრო პირობებში ოპერირებენ. ამიტომ საქართველოს მთავრობამ სამართლიანი გარემო შექმნა კონკურენციისთვის.
თუ მკითხავთ, შემცირდა თუ არა მნიშვნელოვნად არმატურის იმპორტი? არა. კვლავ ბევრი იმპორტირებული არმატურაა საქართველოს ბაზარზე. ჩვენ კონკურენციას ვუწევთ თურქ მწარმოებლებს. თურქეთი ერთ-ერთი ცნობილი ფოლადის მწარმოებელი ქვეყანაა, ახლა ბევრი მწარმოებელია თურქეთიდან საქართველოს ბაზარზე. ეს ზომები არის იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ქართველი მწარმოებელი სამართლიან კონკურენციაში იყოს სხვა მწარმოებლებთან. ეს არის მთავარი აზრი. ამ ზომების გარეშე, ქართველი მწარმოებლებისთვის ძნელი იქნებოდა გადარჩენა. ამიტომ მე ამ ზომების მომხრე ვარ და ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება ძალიან სწორ დროს.
ამ ზომების შემდეგ, ჩვენ გაყიდვები ოდნავ გავზარდეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ზომების გარეშე, წარმოება რთული იყო. მაგრამ სტრატეგიულად, ამას ჩვენთვის სურათი არ შეუცვლია, რადგან უნაკერო მილების წარმოება კვლავ უფრო მიმზიდველია“, - განაცხადა იგორ კორიტკომ.
8 თვეში საქართველოში არმატურის იმპორტი $100 მლნ-მდე შემცირდა - ვის შემოაქვს პროდუქტი?


























