დეველოპერული კომპანია "არქის" შვილობილი კომპანია "გოლდენ პალასი" რუსთავში დაგეგმილი $30-მილიონიანი პროექტის შესრულებისთვის კვლავ ნებართვის მოლოდინშია. არადა კომპანია მსხვილი პროექტის დაწყებას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავდა, თუმცა სამშენებლო ნებართვა ინვესტორებს დღემდე არ მიუღიათ.
ამ პროექტის შესახებ BM.GE აგვისტოში წერდა. იმ დროისთვის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრე ბერიძე აცხადებდა, რომ დოკუმენტი მერიაში 2 წლის განმავლობაში მზადდებოდა და საკრებულოს მხოლოდ მაისში გაეგზავნა. ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ კი სავარაუდოდ, სექტემბერში საკრებულო ამ კონკრეტული პროექტის განხილვას აპირებდა. სწორედ ამიტომ დაუკავშირდა BM.GE ჯერ რუსთავის საკრებულოს, ხოლო შემდეგ რუსთავის მერიას რათა პროექტის ნებართვის ბედი გაერკვია.
13 ოქტომბერს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბერიძემ BM.GE-ს უთხრა, რომ პროექტი კვლავ მერიაში იყო.
“პროექტი ისევ მერიის მხარესაა, ჩემი ინფორმაციით, პროექტი ინფრასტრუქტურის კომისიამ განიხილა და გარკვეული გაუგებრობა იყო, კოეფიციენტის დაანგარიშებასთან იყო კითხვები, რომლებზეც პასუხი არ გვქონდა და დაუბრუნდა მერიას. ამასთან დაკავშირებით განმარტებები იქნება და როდესაც უკან დაგვიბრუნებენ, ხელახლა განიხილავს კომისია”, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
მას შემდეგ რაც BM.GE, გასულ კვირაში მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებით დაინტერესდა და საკითხზე რუსთავის მერიას მიმართა, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ გუშინ ბრიფინგი ჩანიშნა, სადაც განაცხადა, რომ ქალაქში დაგეგმილი პროექტების გაჭიანურების გამო საკრებულოს უჩიოდა. ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით კი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განგვიმარტა, რომ “გოლდენ პალასის” პროექტი საკრებულოში მესამედ გაიგზავნა.
“პირველად 2023 წლის 10 მაისს გადაიგზავნა და ყოველგვარი განმარტების გარეშე საკრებულომ 25 სექტემბერს დააბრუნა მერიაში. საყურადღებოა, რომ მაისში გაგზავნილი წერილის განხილვის გარეშე დაბრუნებას, თითქმის 4 თვე მოანდომეს.
ხელმეორედ გადაიგზავნა უკან 26 სექტემბერს, ანალოგიურად განუხილველად დააბრუნეს მერიაში ისე, რომ სხდომაზეც არ გაუტანიათ და უკვე მესამედ პროექტი რუსთავის მერიამ 16 ოქტომბერს გადააგზავნა საკრებულოში.
პროექტების ნაწილი საკრებულოს ოპოზიციურმა უმრავლესობამ მხოლოდ მას შემდეგ განიხილა კომისიაზე, რაც ხელოვნურად გაჩერებული პროექტების გამო, რუსთავის მერმა მედიის საშუალებით საჯარო განცხადება გააკეთა”, - ამბობს ნინო ლაცაბიძე.
რუსთავის მერის განმარტებით, ქალაქში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიცია საკრებულოს მიერ რეგლამენტის უხეში დარღვევით ფერხდება: პროექტები თვეობით ჩერდება, კომისიებიდან საკრებულოს სხდომაზე არ გადადის და განხილვის გარეშე, დაუსაბუთებლად უბრუნდება მერიას.
რუსთავის მერის პასუხის შემდეგ BM.GE კვლავ რუსთავის საკრებულოს დაუკავშირდა. პროექტის ნებართვის განხილვის საკითხთან დაკავშირებით რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბერიძე ამბობს, რომ საკრებულო პროექტს მანამდე ვერ განიხილავს, სანამ მათი შენიშვნები კოეფიციენტებთან დაკავშირებით მერიის მიერ არ იქნება გათვალისწინებული.
"ეს პროექტი ჩვენ თავის დროზე განვიხილეთ და K2 კოეფიციენტთან დაკავშირებული შენიშვნებით მერიას დავუბრუნეთ. დაახლოებით 1 კვირის წინ მერიამ კვლავ მოგვიბრუნა დოკუმენტი, რომელშიც შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო, ამიტომ მისი განხილვა მანამდე ვერ მოხდება, სანამ შენიშვნების მიხედვით არ დაგვიბრუნდება მერიიდან. იმ შემთხვევაში თუ სხდომაზე გავა პროექტი და საკრებულოს წევრები მხარს არ დაუჭერენ, დოკუმენტი მომდევნო 3 თვის განმავლობაში ვეღარ განიხილება, ამგვარად არ გვინდა რომ დეველოპერი შეფერხდეს. ერთადერთი რაც დაგვრჩენია ნოემბრის მეორე ნახევარში დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე ჩვენ თავად უნდა დავუკავშირდეთ დეველოპერებს და საქმის კურსში ჩავაყენოთ, რომ ამ კოეფიციენტით პროექტის შესრულებაზე ნებართვა ვერ გაიცემა, რაც მერიის უფლებამოსილება იყო", - განაცხადა ალექსანდრე ბერიძემ.