მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის მერია, საინვესტიციო პროექტების შეფერხების ბრალდებით, საკრებულოს სასამართლოში უჩივის

მერია

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის ცნობით, უწყებამ ადგილობრივი საკრებულოს წინააღმდეგ, ქალაქის სასამართლოში სარჩელი 27 ოქტომბერს შეიტანა. მიზეზი საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ოპოზიციური პარტიების ქმედებებია, რომლებიც, ლაცაბიძის განმარტებით, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს აფერხებენ.

“ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსთავის ამჟამინდელი საკრებულო ფუნქციონირებას შეუდგა, რუსთავის მერია ქალაქის განვითარებისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვის და განხორციელების პარალელურად, სისტემატურად იბრძვის იმისთვის, რომ საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია “საქართველოსთვის” წევრები, მავნებლური უმოქმედობის რეჟიმიდან გამოიყვანოს და საკრებულოს თავისი ფუნქცია დაუბრუნოს.

არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს”, - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.

რუსთავის მერის განმარტებით, ქალაქში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიცია საკრებულოს მიერ რეგლამენტის უხეში დარღვევით ფერხდება: პროექტები თვეობით ჩერდება, კომისიებიდან საკრებულოს სხდომაზე არ გადადის და განხილვის გარეშე, დაუსაბუთებლად უბრუნდება მერიას.

რუსთავში დეველოპერული კომპანია არქის" შვილობილი კომპანიისთვის ნებართვის გაცემის შეფერხებაზე BM.GE აგვისტოში წერდა. “გოლდენ პალასი” (“არქის” შვილობილი კომპანია) რუსთავში $30 მილიონიანი პროექტის დაწყებას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავდა, თუმცა სამშენებლო ნებართვა კომპანიას დღემდე არ მიუღია. გუშინ გამართულ ბრიფინგზე კი რუსთავის მერმა განაცხადა, რომ “გოლდენ პალასის” პროექტი საკრებულოში მესამედ გაიგზავნა.

“პირველად 2023 წლის 10 მაისს გადაიგზავნა და ყოველგვარი განმარტების გარეშე საკრებულომ 25 სექტემბერს დააბრუნა მერიაში. საყურადღებოა, რომ მაისში გაგზავნილი წერილის განხილვის გარეშე დაბრუნებას, თითქმის 4 თვე მოანდომეს.

ხელმეორედ გადაიგზავნა უკან 26 სექტემბერს, ანალოგიურად განუხილველად დააბრუნეს მერიაში ისე, რომ სხდომაზეც არ გაუტანიათ და უკვე მესამედ პროექტი რუსთავის მერიამ 16 ოქტომბერს გადააგზავნა საკრებულოში.

პროექტების ნაწილი საკრებულოს ოპოზიციურმა უმრავლესობამ მხოლოდ მას შემდეგ განიხილა კომისიაზე, რაც ხელოვნურად გაჩერებული პროექტების გამო, რუსთავის მერმა საჯარო განცხადება გააკეთა მედიის საშუალებით”, - ამბობს ნინო ლაცაბიძე.

ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრე ბერიძე აცხადებს, რომ საკრებულოში პროექტს მანამდე ვერ განიხილავს, სანამ მერია საკრებულოს მიერ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს.

ცნობისთვის, “არქი” რუსთავში პირველ მასშტაბურ პროექტს იწყებდა, რისთვისაც კომპანიამ 3.5 ჰა მიწა ჯერ კიდევ 2008 წელს შეიძინა. საცხოვრებელი კომპლექსი 1000-მდე ბინიან 9 საცხოვრებელ სახლს, 1 ჰა-ზე კეთილმოწყობილ ეზოს, ღია და დახურულ ავტოსადგომს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს მოიცავს და $30 მილიონიანი ინვესტიციით აშენდება.