ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით უცხოელ ინვესტორებს არაერთი კითხვა აქვთ.
როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ, შორენა კოპალეიშვილმა BGM-ის განუცხადა, არსებობს საფრთხე, რომ თუკი ხელისუფლება შესაბამის კანონს მიიღებს, ის მომავალში სუბიექტების უფრო ფართო არეალზე გავრცელდება და კომერციულ კომპანიებსაც მოიცავს.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ მმართველმა გუნდმა აღნიშნული კანონის მიღებაზე უარი თქვას.
„ჩვენი ასოციაციის ძირითადი წევრები ევროპელი ინვესტორები არიან და როგორც კი დღის წესრიგში დადგა ამ კანონის მიღება, არაერთი კითხვა შემოვიდა, გავრცელდება თუ არა ეს კანონი ამ კომპანიებზეც. მართალია, არსებული რედაქციით, ეს კანონი მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება. თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა პრაქტიკები არსებობდა ე.წ. ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში, როდესაც მსგავსი კანონი მიიღეს და შემდეგ არაერთი ცვლილება შევიდა და წრე გაფართოვდა, თუ ვის ეხებოდა კანონი. ზოგადად, ეს კანონი აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს რეალობისთვის და სრულ წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ძირითად პრინციპებთან.
ახლა საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი მედიას და არასამთავრობოებს ეხება, თუმცა თუ მივიღებთ მას, შემდეგ უფრო გამარტივდება ამ არეალში სხვა კატეგორიის კომპანიების მოქცევაც. შესაბამისად, ეს პროცესი საკმაოდ ბევრ საფრთხეს შეიცავს ბიზნესისთვის, რადგან არაა გამორიცხული, რომ მომავალში ის უკვე კომერციულ კომპანიებზეც გავრცელდეს. ამიტომ ამ კანონპროექტზე ახლავე უნდა ვთქვათ უარი“, - განაცხადა შორენა კოპალეიშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. 83 მომხრე იყო და 0 წინააღმდეგი. კენჭისყრამდე პაპუაშვილმა ოპოზიცია დარბაზიდან გააძევა.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსი ენიჭება ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად" რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.