"დამოუკიდებლობის ნაკლებობიდან გამომდინარე შეფასება გასაკვირი არ არის", - ასე შეაფასა ფინანსისტმა ვასილ რევიშვილმა BM.GE-სთან საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-ის მიერ ნათია თურნავას ევროპის რეგიონში ყველაზე დაბალი ქულით შეფასება.
Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა.
რევიშვილის თქმით, პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოქცევა თვალსაჩინოა, ამიტომაც დაბალი შეფასება მოულოდნელი არ ყოფილა.
"არ მგონია, რომ ამას რამეზე ჰქონდეს პირდაპირი გავლენა, რადგან ეს კომერციული ბანკების საქმიანობის შეფასება არ არის. ცენტრალური ბანკების საქმიანობის შეფასებაა. ფაქტია, რომ ცენტრალური ბანკი, პირველ რიგში, უნდა ფასდებოდეს დამოუკიდებლობით. დანარჩენი უკვე პროფესიონალიზმის საკითხია, რისი დეფიციტიც ცენტრალურ ბანკში ნამდვილად არ არის. აქ არ ვგულისხმობ მაინც და მაინც მმართველ რგოლს. აქ არის დამოუკიდებლობის ასპექტი, რომელიც დიდად არ შეინიშნება, რაც რამდენჯერმე დამტკიცდა.
პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოქცევა თვალსაჩინოა. არც მიკვირს, რომ დამოუკიდებლობის ნაწილში ჩვენი ცენტრალური ბანკი დაბალ ქულას იღებს.
ჩვენ რომ გვქონდეს სააქციო ბაზარი განვითარებული, ალბათ, ვოლატილობა შეინიშნებოდა, რადგან მოკლევადიანი ინვესტორები, რომლებიც სააქციო ბირჟებზე ვაჭრობენ, ყურადღებას მიაქცევდნენ დაბალი ხარისხის ზედამხედველობას, თუმცა რადგან ჩვენი ინვესტორები, რომლებიც დაგვრჩა გრძელვადიანი ინვესტორები არიან, დიდ გავლენას ვერ ვხედავ. თუმცა, ვიმეორებ, დამოუკიდებლობის ნაკლებობიდან გამომდინარე, შეფასება გასაკვირი არ არის", - განაცხადა ფინანსისტმა.