საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" გადაწყვეტილებას ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიცირების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არჩევნები მოდის და ამისთვის საჭიროა მობილიზაცია.
"ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, უდიდესი მობილიზაცია არის ამისთვის საჭირო. არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა არ არის საჭირო. საჭიროა მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი - ევროპული დროშის ქვეშ, რამდენიმე პარტიით ალბათ, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ, და ეს არის ევროპული დროშა და ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელზედაც გავერთიანდებდით. ეს არ ნიშნავს პარტიების მაინც და მაინც გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს მათ გამსხვილებას. და რაც მთავარია, ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას და ეროვნულ თანხმობას ევროპაზე. ამ დროშას მე ბოლომდე დავიჭერ და თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე, რათა ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს. ამას ვერაფერს ვერ უზამს ხრიკები, რასაც დღეს ატრიალებს ოცნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” ე.წ რუსული კანონის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას აპირებს. როგორც მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. მდინარაძის თქმით, ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს.




























