მინდა, რომ ყველა პაციენტმა კარგად იცოდეს, ვმუშაობ რომ არცერთი პაციენტის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი და ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის - ასე გამოეხმაურა მიხეილ სარჯველაძე ბრიფინგიდან ონკოპაციენტების ბრალდებას, რომ მინისტრი, კითხვებმა გააღიზიანა და პაციენტებს უყვიროდა.
სარჯველაძე ამბობს, რომ კომუნიკაციის ფორმა არასოდეს შეშლია და ასე იქნება მომავალშიც.
"არცერთ პაციენტთან მიმართვის და კომუნიკაციის ფორმაა არასოდეს შემშლია და არც შემეშლება. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ამის საპირისპიროს თქმის მიზეზი არც ჩემი მსოფლმხედველობით და არც ჩემი ქცევით ამის საპირისპიროს თქმის მიზეზი არავისთვის მიმიცია არასდროს. მინდა, რომ ყველა პაციენტმა კარგად იცოდეს, ვმუშაობ რომ არცერთი პაციენტის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი და ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის და არც შუამავლების მონაწილეობა. ეს სამიისტროს მოვალეობაა და ეს უნდა იცოდეს სამინისტროს ყველა თანამშრომელმა, ყველა კლინიკის თანამშრომელმა და ყველა პაციენტმა.
ყველა თავად გადაწყვეტს ვინ, რა ფორმით და რას მოითხოვს, მაგრამ პეტიციის, აქციების და ა.შ. საჭიროება ობიექტურად არ იარსებებს.
რაც შეეხება იმ კონკრეტულ შეხვედრას, შეხვედრა გაიმართა, მაგრამ 2 საათიან შეხვედრაზე თითოეული მათი სატკივარი და პრობლემა იყო გაზიარებული", - განაცხადა მინისტრმა.