"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ 9.5% ეკონომიკური ზრდა მათი მთავრობის სწორი პოლიტიკის და მათ მიერვე შექმნილი კარგი კანონმდებლობის შედეგია.
"ჩვენ გავასწარით 2023 წლის საკუთარ მაჩვენებელს, როცა გვქონდა 7.8%. ახლა, 9.5% მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები. საქართველო გასულ წელსაც გავიდა პირველ ადგილზე არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. არც ერთ სხვა ქვეყანას 9.5% ეკონომიკური ზრდა არ ჰქონია.
ეს არის რა თქმა უნდა სწორი მენეჯმენტის, კარგი საინვესტიციო გარემოს და კანონმდებლობის შედეგი. სათანადო საგადასახადო რეჟიმის შედეგი და პირველ რიგში შედეგი იმის, რომ ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.7% შეადგინა, ხოლო 2024 წლის საშუალო რეალური ზრდა 9.5%-ით განისაზღვრა.




























