მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არცერთი ევროპული ქვეყანა ეკონომიკურად და ინსტიტუციურად არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც საქართველო - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი
16.07.24 21:30
117

არცერთი ევროპული ქვეყანა ეკონომიკურად და ინსტიტუციურად არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც საქართველო - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"თავისით არაფერი მოდის. დღეს ჩვენ ვიმკით იმ კეთილი მარცვლის ნაყოფს, რომელიც 12 წლის წინ ჩვენ ერთად დავთესეთ. ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად გვქონდა 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი. ქვეყანამ და ხალხმა დაისვენა ომებისგან, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს და იმედებს კლავდა და როგორც ჩვენს ისტორიაში ხდებოდა, მშვიდობასთან ერთად დადგა დრო ქართული გენის გამოვლენის და ქვეყნის აღმშენებლობის.

სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს არცერთი ევროპული ქვეყანა ეკონომიკურად და ინსტიტუციურად არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც საქართველო; სწორედ თორმეტწლიანი უწყვეტი მშვიდობის შედეგია ახალი თაობა, რომელსაც არ უნახავს ომი და არ განუცდია ნგრევის ტკივილი. პირიქით, მშვიდობითა და უნიკალური შესაძლებლობებით ფრთაშესხმულებმა მსოფლიო მასშტაბით ამაყად გაიტანეს საქართველოს სახელი.

სწორედ 12 წლის წინ დათესილმა მარცვალმა და გრძელვადიანმა ხედვამ გახადა შესაძლებელი, რომ ევროპაში ბევრი სკეპტიკოსის მიუხედავად მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმებას, ევროპიდან ბევრის წინააღმდეგობის მიუხედავად მოვიპოვეთ უვიზო მიმოსვლა, ბევრი ევროპელი ოპონენტის მცდელობის მიუხედავად გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“, განსხვავებით დამოუკიდებლობის პერიოდის ყველა სხვა ხელისუფლებისგან, არასდროს ყოფილა სულსწრაფი, არ ეძიებდა იმწამიერ და მყიფე შედეგებს, არამედ ისახავდა გრძელვადიან და მდგრად მიზნებს. ჩვენივე ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყნის ცხოვრებაც ადამიანის ცხოვრებასავით არის, სადაც მოჩქარეს ყოველთვის მოუგვიანდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები