მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი ევროპის მიერ არ დაწყებულა მისი დაარსებიდან - პრეზიდენტი

პრეზიდენტი

ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისთვის, არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ, მისი დაარსებიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული მომავლის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის 33-წლიან ისტორიაში, საქართველოს ევროპა და ამერიკა მუდამ გვერდით ედგა.

"ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისთვის, არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ, მისი დაარსებიდან. სამაგიეროდ, რეალური ომის პარტია ერთია და მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ვხედავთ - რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი, გვევლინება, როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღში ჩვენს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვითარება.

ჩვენ 33 წლის წინ შევუდექით ამ გზას და ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად. დღეს მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს ვიღაცები დავარწმუნო იმ ფაქტში, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი; ხომ ვიცით ვინ წაგვართვა ტერიტორიები, ვინ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ვინ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და არაღიარების პოლიტიკას; ხომ ვიცით ვინ აკრძალა ქართული ენის სწავლა და ვინ აღიარა და დაიცვა ქართული ანბანი; ხომ ვიცით ვინ დაგვინგრია და ვინ აგვიშენა სკოლები; ხომ ვიცით ვინ გვიჭედავს ეკლესიის კარს და ვინ გვეხმარება ჩვენი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და გადარჩენაში; ხომ ვიცით ვინ დაგვიწუნა და გამოდევნა ქართული ღვინო და ვინ დააფასა და აღიარა საქართველო ღვინის სამშობლოდ; ხომ ვიცით ვისი დახმარებით გახდა ჩვენი ჯარი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი; ვისი დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა და კიდევ, ვინ მოთვლის და რა დათვლის, რა დაგვიშავა მტერმა და რა გაგვიკეთა მეგობარმა. ამიტომ არის, რომ ჩვენს კონსტიტუციაში ასახული საგარეო კურსი ჩვენი უალტერნატივო მომავალია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები